„იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თვალ-ყური ვადევნოთ კომპანია ჰუმანითი ჯორჯიას აქტივობებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კითხვაზე, თუ როდის შემოიტანს ჰუმანითიჯორჯია ხელმისაწვდომ ფასებში მედიკამენტებს, განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია და იმის ახსნა, თუ რას აპირებენ.
“ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ჩვენი სტრატეგია, რომელიც მიმართული იყო მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდისკენ, არ იყო რომელიმე კონკრეტული კომპანიის, მაგალითად, ჰუმანითის ლობირება რაიმე სახით. ჩვენ რასაც თვალ-ყურს ვადევნებთ, ამ კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია, იმის ახსნა, თუ რას აპირებენ, როგორ აპირებენ ამ ნაბიჯების გადადგმას და, ვფიქრობ, იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, თვალ-ყური ვადევნოთ ამ კომპანიის აქტივობებს.
თუკი ამ კომპანიის აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდება, კონკურენციის გაზრდით, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა პასიური მეთვალყურის რეჟიმში არ ვიქნებით”, – განაცხადა სერგეენკომ. დასასრულს, უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ცვლის და აუმჯობესებს წამლის ხარისხის კონტროლის გამკაცრების სისტემას.
ბაზარზე ახალი კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლის საკითხთან დაკავშირებით, სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალის“ დირექტორს ირაკლი ლაღიძეს ვესაუბრეთ. ირაკლი ლაღიძე მიიჩნევს, რომ „ჰუმანითი ჯორჯიას“ ახალი კომპანიის შემოსვლა მისასალმებელია.
„როდესაც გიწევს სამედიცინო სფეროში მოღვაწეობა, არ შეიძლება რომ არ დადგე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემის წინაშე. დღეს ჩვენ გვაქვს მედიკამენტების შეძენის პრობლემა ქვეყანაში. რაც შეეხება ,,ჰუმანითი ჯორჯიას“, ამ კომპანიის შემოსვლის შესახებ მსმენია, თუმცა დეტალები უცნობია. გააჩნია რა შემთხვევაში მოუწევს ექიმს ჯენერიკის დანიშვნა.
არის შემთხვევბი, როცა ჯენერიკი გამოსავალია და პრობლემას გარკვეულწილად ამსუბუქებს. არის შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ მკურნალობის გეგმას გვერდს ვერ აუქცევ. არის ხოლმე მოწოდებული პროტოკოლები, გაიდლაინები, ბევრ ნოზოლოგიაში ასეა და ხარისხიანი მკურნალობა მაინც სულ სხვაა. თუ მედიკამენტი რეგისტრირებულია და შესაბამისი ორგანოების მიერ მისი გამოყენება ნებადართულია, ბუნებრივია შეიძლება გამოიყენო, როგორც ჩანაცვლებითი თერაპია“ – განმარტავს სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალის“ დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი ჯორჯია შემოდის. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი ჯორჯია უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა. კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.
ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.