მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჰუმანითი ჯორჯია მედიკამენტებს ხელმისაწვდომ ფასებში იანვრის ბოლოს შემოიტანს
ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი ჯორჯია შემოდის.საინფორმაციო კამპანიიდან გამომდინარე იგი მედიკამენტებს ხელმისაწვდომ ფასებში იანვრის ბოლოს შემოიტანს.

ჰუმანითი ჯორჯია მედიკამენტებს ხელმისაწვდომ ფასებში იანვრის ბოლოს შემოიტანს

„ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლით მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება“ 

„იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თვალ-ყური ვადევნოთ კომპანია ჰუმანითი ჯორჯიას აქტივობებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია და იმის ახსნა, თუ რას აპირებენ.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ფონზე ჯანდაცვის სამინისტრო ცვლის და აუმჯობესებს წამლის ხარისხის კონტროლის გამკაცრების სისტემას.

საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ნინო ჟვანია ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას გამოეხმაურა. როგორც ნინო ჟვანია აღნიშნავს, ყველაზე მთავარი არის, თუ რამდენად ხარისხიანი იქნება კომპანიის მიერ შემოტანილი მედიკამენტები:

„მე ნამდვილად არ ვიცი, თუ რამდენად ხარისხიანი იქნება ის მედიკამენტები, რომელსაც „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოიტანს, თუმცა, რა თქმა უნდა, ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია  მისაღები ფაქტია. განსაკუთრებით მაშინ, თუ პროდუქცია იქნება მაღალი ხარისხის,შედეგიანი და ამავდროულად, ფასი ექნება დაბალი. მე პრაქტიკოსი ექიმი ვარ, ვიცი, რამდენად მაღალი ფასებია ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტებზე  და ძალიან ბევრ პაციენტს არ აქვს საშუალება, რომ პრეპარატები შეიძინოს”.

ცნობილია, რომ „ჰუმანითი ჯორჯია“ მედიკამენტების იმპორტირებას  ინდოეთიდან განახორციელებს. მწარმოებელი ქვეყნის ფაქტორს ნინო ჟვანია გადამწყვეტად არ მიიჩნევ:

ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ მედიკამენტები იქნება ხარისხიანი, კიდევ ერთხელ ვამბობ. ხარისხი და ფასი – ეს ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“.

აღნიშნულ ინიციატივებსა და ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ პრობლემებს გამოეხმაურა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი:

„საქართველოში გვაქვს მომხმარებლის შესახებ კანონი და მომხმარებელმა, რომელიც ყიდულობს მედიკამენტს, აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ ვინ არის მწარმოებელი, არის თუ არა ის საშიში ჯანმრთელობისათვის და ასე შემდეგ.სახელმწიფო ვალდებულია დაიწყოს ფართო მასშტაბიანი კამპანია ამ მიმართულებით და მოსახლეობას აუხსნას, რომ ჯენერიკების მიღებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდება.

როდესაც წამალს აწარმოებს ესა თუ ის კომპანია, ის ვალდებულია დაიცვას ის შემადგენლობა და აუცილებელი მოთხოვნები, რომელიც გააჩნია ბრენდ მედიკამენტს და მის გამომგონებელ კომპანიას. თუ ჯანდაცვის სამინისტრო ამას გააკეთებს, ვფიქრობ, რომ ეს კარგი იქნება, რადგან საქართველოში პანიკური შიშია ცვლილებებთან მიმართებაში და ადამიანები უნდობლობით უყურებენ ყველა სიახლეს“. 

ხატიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს მიდგომა განპორობებულია საზოგადოების დაბალი ინფორმაციულობის დონით და მიაჩნია, რომ მოსახლეობას შეიძლება მცდარი წარმოდგენა ჰქონდეს ჯენერიკებთან დაკავშირებით და ამჯობინოს თვითმკურნალობა.

„ამიტომ, სასურველი იქნება, რომ ჟურნალისტები, ტელეკომპანიები აიტაცებენ ამ საკითხს და ხალხი იქნება ინფორმირებული ამ თემასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს აუცილებელია“. 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მედიკამენტების მწარმოებელ ქვეყნებსაც შეეხო:

„სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული პრეპარატების ხარისხიანობასთან დაკავშირებით, პირადად, ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ინდური წამლები იმით გამოირჩევა, რომ,უმეტეს შემთხვევაში, ისინი დამზდებულია არაქიმიური, ბუნებრივი ნედლეულით. ევროპაში, როდესაც ადამიანები წამალს ყიდულობენ,რომელზეც აწერია ზუსტი მონაცემები მისი შემადგელობის შესახებ, ისინი არჩევენ იმის მიხედვით, რომელშიც ნაკლებია ქიმიური ნედლეული.

ინდოეთს კი დიდი შესაძლებლობები აქვს, რომ პრეპარატები ბუნებრივი ნივთიერებებით დაამზადოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომარ უნდა იყოს დიფერენცირებული, თუ რომელ ქვეყანაშია წარმოებული ესა თუ ის მედიკამენტი, არამედ მათი გარჩევა უნდა მოხდეს მათშემადგენლობაში შემავალი ქიმიური და ბუნებრივი ნედლეულის თანაფარდობით“.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი ჯორჯია შემოდის. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი ჯორჯია უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა. კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის  EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

presa.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …