მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჰუმანითი ჯორჯია მედიკამენტებს ხელმისაწვდომ ფასებში იანვრის ბოლოს შემოიტანს
ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი ჯორჯია შემოდის, იგი უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

ჰუმანითი ჯორჯია მედიკამენტებს ხელმისაწვდომ ფასებში იანვრის ბოლოს შემოიტანს

„ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლით მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება“

„იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თვალ-ყური ვადევნოთ კომპანია ჰუმანითი ჯორჯიას აქტივობებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კითხვაზე, თუ როდის შემოიტანს  ჰუმანითი ჯორჯია ხელმისაწვდომ ფასებში მედიკამენტებს, განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია და იმის ახსნა, თუ რას აპირებენ.

“ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ჩვენი სტრატეგია, რომელიც მიმართული იყო მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდისკენ, არ იყო რომელიმე კონკრეტული კომპანიის, მაგალითად, ჰუმანითის ლობირება რაიმე სახით. ჩვენ რასაც თვალ-ყურს ვადევნებთ, ამ კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია, იმისახსნა, თუ რას აპირებენ, როგორ აპირებენ ამ ნაბიჯების გადადგმას და, ვფიქრობ,იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, თვალ-ყური ვადევნოთ ამ კომპანიის აქტივობებს.

თუკი ამ კომპანიის აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდება, კონკურენციის გაზრდით, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა პასიური მეთვალყურის რეჟიმში არ ვიქნებით”, – განაცხადა სერგეენკომ. დასასრულს, უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ცვლის და აუმჯობესებს წამლის ხარისხის კონტროლის გამკაცრების სისტემას.

გასტროენტეროლოგი გიორგი კვიტაშვილი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა:

 „ხშირ შემთხვევაში, ვცდილობ ბრენდი მედიკამენტები გამოვიყენო. ამის მიზეზი, ქვეყენაში  მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის არარსებობაა. ვიყენებ იმ პრეპარატებს, რომელსაც ვენდობი და გამოცდილი მაქვს. მხოლოდ ამ პრინციპით ვმოქმედებ. რა თქმა უნდა, მივესალმებით ბაზარზე ახალი კომპანიის, კერძოდ,  „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენას.

ინდური, თურქული, ან რომელიმე ქვეყნის პრეპარატზე ხაზგასმით უარყოფითად შეფასება არაპროფესიონალურია, მითუმეტეს თუ მას აქვს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ასე შემდეგ. მე ყველა ქვეყნის წარმოებულ პრეპარატს ვიყენებ, მაგრამ მხოლოდ იმათ, რომელიც გამომიცდია და ვიცი, რომ კარგია. რასაკვირველია, მთავარია, რომ მედიკამენტი იყოს ხარისხიანი, ეფექტური, ქონდეს კარგი შედეგი, ხოლო მისი მწარმოებელი ქვეყანა გადამწყვეტ როლს ნამდვილად არ თამაშობს და მედიკამენტების ხარისხს არ განსაზღვრავს“.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი  ჯორჯია შემოდის. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი ჯორჯია უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა. კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის  EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

presa.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …