საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, გრიპით დაავადებისა და ექიმთან მიმართვიანობის ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია.
შესაბამისი განცხადება დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებისას გააკეთა.
“დაავადებების და მიმართვიანობის ზრდის ტემპი, საბედნიეროდ, საგრძნობლად არის შემცირებული, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ალბათ, უახლოესი პერიოდის განმავლობაში გვექნება გარდატეხა და მნიშვნელოვანი შემცირებისკენ წავალთ”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება სიფრთხილისა და პროფილაქტიკის ზომებს, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სკოლებისთვის მიცემულ რეკომენდაციებს განათლების სამინისტრო ასრულებს, რაც 20%-ზე მეტი გაცდენების შემთხვევაში, სამი დღით სასწავლო პროცესის შეჩერებას გულისხმობს.
დავით სერგეენკოს თქმით, გარდაცვალების თითოეული შემთხვევა ტრაგედიაა, თუმცა მისივე მტკიცებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
საქართველოში H1N1-ის ვირუსით ამ სეზონზე შვიდი, ხოლო H3N2 გრიპის ვირუსით ერთი ადამიანია გარდაცვლილი.