საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან „გლობალ ალიანსი“ საქართველოს მთავრობას გრძელვადიანი შეთანხმება აქვს გაფორმებული.
შეთანხმების ძირითადი მიმართულება ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამების განხორციელებაა. სოციალური ინიციატივა „რა გაწუხებთ?“ ალიანსისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტია. მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად უნდა გამოვლინდეს ჯანდაცვის სფეროში არსებული მათი მოთხოვნები და საჭიროებები.
ასეთი ტიპის გამოკითხვების მნიშვნელობაზე მსახიობი და რეჟისორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი ქავთარაძე გვესაუბრა:
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი ტიპის გამოკითხვების ჩატარებას, რათა გამოვლინდეს ის ძირეული საკითხები, რაც აწუხებს მოსახლეობას. მე მაქვს ხშირი კონტაქტი ჩემს ამომრჩევლებთან და მათი პრობლემები თავად მიმაქვს ჯანმრთელობის სამინისტრომდე. კარგია, როცა მოსახლეობა აფიქსირებს თავის აზრს და ამ შედეგებს ითვალისწინებს სამინისტრო.“
პარლამენტარის თქმით, ბოლო პერიოდში ბევრი პრობლემური საკითხი დადებითად გადაწყვიტა სამინისტრომ.
„ის ფაქტი, რომ ხელისუფლება უსმენს ხალხს და მზადაა, გაითვალისწინოს და დაეხმაროს მას, ძალიან კარგია“,– აცხადებს გოგი ქავთარაძე.