მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » GMP- სტანდარტები იმპორტიორებსაც მოეთხოვებათ – ცვლილება დაჩქარებული წესით ამოქმედდება

GMP- სტანდარტები იმპორტიორებსაც მოეთხოვებათ – ცვლილება დაჩქარებული წესით ამოქმედდება

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანის მიზნით, იმპორტიორებისათვის სავალდებულო ხდება ფარმაცევტული პროდუქტის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა. როგორც მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, GMP-ის სტანდარტის დოკუმენტის, სავალდებულო წესით წარდგენის ეტაპობრიობასა და პირობებს მიმდინარე წლის მარტამდე საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

“დაჩქარებული წესით შეგვაქვს ცვლილება და იმპორტიორ კომპანიებს GMP-სერტიფიკატები მოეთხოვებათ”, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე განცხადებით, ცვლილების მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი მიდგომები ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და იმპორტიორებს შორის.

„როგორც იცით, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის GMP-სერტიფიკატზე გადასვლის აუცილებლობა. იმის გამო, რომ თანაბარ პირობებში ყოფილიყვნენ ადგილობრივი კომპანიები და იმპორტიორები, დაჩქარებული წესით შეგვაქვს ცვლილება და იმპორტიორებს მოვთხოვთ GMP-სერტიფიკატს. გარდა ამისა, იმისათვის, რომ კარგად და ხარისხიანად ვაკონტროლოთ წამლის ხარისხი, წელს შევქმნით წამლის ლაბორატორიას და ამისთვის ბიუჯეტიდან 6 მლნ ლარამდე გამოიყოფა. ლაბორატორიის მოსაწყობად პროცესი დაწყებული გვაქვს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მთავრობა პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თხოვნით მიმართავს.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …