„ბიოქიმფარმი“ GMP-სერტიფიკატის მიღებას თვე-ნახევარში ელოდება. საწარმომ ინფრასტრუქტურული განახლება დაასრულა და შესაბამისი პროცედურების გავლას, სავარაუდოდ სწორედ თვენახევარი დასჭირდება.
როგორც jandacva.ge-სთან საუბარში „ბიოქიმფარმის“ მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა განაცხადა, მათ აქვთ მოლოდინი, რომ სერტიფიცირებას წარმატებით გაივლიან, რის საფუძველსაც 17 მილიონანი ინვესტიციით შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები იძლევა.
„ბიოქიმფარმმა“ საწარმო ევროკავშირის GMP ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკის გაიდლაინების შესაბამისად აღჭურვა.
კომპანია აწარმოებს 15-მდე რეგისტრირებულ პროდუქტს, მათ შორის მეცხოველეობის და აგროკულტურის მიმართულებით და ადამიანის ჯანმრთელობის მიმართულების გარდა ავითარებს ვეტერინარული პროდუქტების მიმართულებასაც, რათა აღმოიფხვრას ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება ფერმებში.
რატი ღოლიჯაშვილის თქმით, კომპანიის პროდუქცია 8 საექსპორტო ბაზარზე გადის და ახლო მომავალში 80 ქვეყანაში გასვლას გეგმავენ.
„ბიოქიმფარმი“ დაფუძნებულია იმ საწარმოო ბაზაზე, რომელიც 70 წლის განმავლობაში საბჭოთა პერიოდში აწარმოებდა ამ პრეპარატებს. ბოლო პერიოდში კი განხორციელდა 17 მილიონი ლარის ინვესტიცია, რათა მოხდეს რენოვაცია და ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კომპანია გეგმავს ქართულ ბაზარზე დაბრუნებას, ბაზარზე ისევ გამოჩნდება ფაგიო, რომელსაც განსაკუთრებით პედიატრიაში იცნობენ.
ცნობისთვის: შესაბამისი რეგულაციის ამოქმედებიდან ანუ 2022 წლის იანვრიდან დღემდე, GMP სერტიფიკატი ქართულ ბაზარზე მხოლოდ 3 კომპანიას აქვს მიღებული. ესენია „ავერსი რაციონალი “, „ჯი ემ ფარმასიუთიქალი “ (PSP-ს საწარმო) და ანტიბიოტიკების მწარმოებელი კომპანია „აბიფარმი“.