ფარმაცევტთა ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტროსგან პირველი იანვრიდან ასამოქმედებელ რეგულაციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას უახლოეს კვირებში ელოდება. საუბარია „ჯიემპი“ და „ჯიდიპი“ სატანდარტებზე, რომლის დაკმაყოფილების გარეშეც კომპანიას ოპერირების უფლება არ ექნება.
როგორც jandacva.ge-ს ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ განუცხადა, საუბარია კომპანიებისთვის „ბუფერული,“ გარდამავალი დროის მიცემაზე, რათა მათ შეძლონ ახალი სტანდარტების ეტაპობრივი დაკმაყოფილება. კითხვაზე, ეს პრაქტიკულად ნიშნავს თუ არა ისევ გადავადებას, ამბობს, რომ საუბარია არა უპირობო გადავადებაზე, არამედ დროის მიცემაზე იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც უკვე გადადგმული აქვთ ნაბიჯები ახალი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად და გააჩნიათ გეგმა ამ მიმართულებით. ასოციაციის ინიციატივაა, ჯანდაცვის სამინისტრომ შეაფასოს და მონიტორინგი გაუწიოს გეგმის შესრულების პროცესს.
jandacva.ge-ს კითხვაზე, კომპანიების ნაწილი თუ ისარგებლებს შეთავაზებით, რომ შესაბამისი სერტიფიკატის მიღებამდე ექსპორტი იმ ქვეყნებში განახორციელონ, სადაც არ მოქმედებს „ჯიემპი“ და „ჯიდიპი“ სტანდარტები, ლევან გოგიბერიძე ამბობს, რომ შესაძლოა, ეს იყოს კომპანიების ნაწილისთვის ოპერირების შესაძლებლობა იმ დრომდე, ვიდრე ისინი მოთხოვნების შესრულებას შეძლებენ. ამავე დროს, მისი განცხადებით, ამისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა უნდა არსებობდეს.
მისი თქმით, იქნებიან კომპანიები, რომლებსაც არ აქვთ სტანდარტების დაკმაყოფილების რესურსი, და მათ მოუწევთ ბაზრის დატოვება. თუმცა ამბობს, რომ ბევრი მოთამაშე შეეცდება, ახალი პირობებს მოერგონ და ასე გააგრძელონ ოპერირება.
ლევან გოგიბერიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინი აქვს, რადგან საუბარია იმპორტჩამნაცვლებელ დარგზე, რომელიც ამავდროულად ექსპორტს ახორციელებს. მას მოჰყავს ნათია თურნავას მიერ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელშიც ერთერთი პუნქტი სწორედ ფარმაცევტული წარმოების განვითარებას შეეხება. ამასთან, მისი შეფასებით, ბაზარზე მოთამაშეების სიმრავლე კონკურენტული ფასის გარანტია. ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ჯიდიპი და ჯიემპი სტანდარტებზე გადასვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ამას მხოლოდ მიესალმება.
შეგახსენებთ, რომ ახალ სტანდარტზე გადასვლა ქვეყანაში 2022 წლის იანვრიდანაა დაგეგმილი.
ფარმაცევტთა ასოციაციის ინფორმაციით, ქვეყანაში 52 სერტიფიცირებული წარმოებაა, საიდანაც ჯიემპი სერტიფიკატი ერთს აქვს აღებული, წლის ბოლომდე კი ახალ სტანდარტს სავარაუდოდ დამატებით მხოლოდ 2-3 წარმოება დააკმაყოფილებს. გაცემულია ასევე კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) ერთი სერთიფიკატი.
გოგიბერიძის მონაცემებით, ამჟამად ფარმაცევტულ წარმოებაში 2500 ადამიანია დასაქმებული. ადგილობრივი წარმოების ბრუნვა 200-220 მილიონი ლარია, ექსპორტზე კი 60-80 მილიონი დოლარის პროდუქცია გადის.
შეგახსენებთ: 2022 წლის იანვრიდან ფარმაცევტული კომპანიებისთვის GMP– სტანდარტზე გადასვლა სავალდებულო ხდება. ესაა სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხის შენობა-ნაგებობების, მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების, წყლის და ჰაერის ვენტილაციის სისტემის დანერგვას და სხვა მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამ თემაზე დღეს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდნენ.
მოთხოვნები და ზედამხედველობის სისტემა წესდება დისტრიბუციაზეც. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყოველივე ეს მომხმარებლისთვის ნიშნავს გარანტირებული ხარისხის და უსაფრთხო პროდუქციის მიღებას. ამ სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ფარმაცევტული პროდუქცია არც ბაზარზე და არც ექსპორტზე არ დაიშვება. GMP-ის და GDP-სტანდარტების მოთხოვნა იმპორტიორებზეც გავრცელდება. ინსპექტირება ამ ეტაპზე ნებაყოფლობითი ხასიათისაა.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ახალი სტანდარტების დაკმაყოფილებაზე განაცხადი 6 ფარმაცევტულ კომპანიას აქვს შეტანილი. ამ ეტაპზე წარმოება მიმდინარეობს 3 კომპანიაზე, სამი კი დახარვეზებულია.