დღესდღეობით, როცა გლობალიზაციის თანმდევმა ეკოლოგიურმა, სოციალურმა, პოლიტიკურ-ეკონომიკურმა კატაკლიზმებმა საფრთხე შეუქმნა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, რისკ-ფაქტორებთან ბრძოლისა და პრევენციული ზომების გატარების მიზნით განვითარდა საერთაშორისო ჯანდაცვის ახალი მიმართულება.
დარგი, რომელიც სცილდება კონკრეტულ სახელმწიფოთა საზღვრებს და მასშტაბურად ეხება მთელი მსოფლიოს მოსახლეობას, ბუნებრივად აღმოცენდა თავისი წინამორბედისგან, გლობალური ჯანდაცვა კომპლექსური მიდგომაა, რომელიც აერთიანებს მედიცინას, ანთროპოლოგიას, სოციოლოგიას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, ჯანდაცვის პოლიტიკას, საგარეო ვაჭრობას, ფინანსებს, მენეჯმენტს, დემოგრაფიას, ეკოლოგიას, ქცევით მეცნიერებებს და სხვა.
მისი უმთავრესი მიზანია საერთაშორისო დონეზე ჩამოყალიბდეს კოორდინირების მექანიზმი, რომელიც ურთიერთპასუხისმგებლობის მეშვეობით თავიდან აგვარიდებს იმ სავალალო შედეგებს, რაც განპირობებულია კლიმატური ცვლილებებით, სამხედრო და ჰუმანიტარული კატასტროფებით, გარემოს დაბინძურებით, ბიოტერორიზმით და სხვა არასახარბიელო გამოწვევებით.
ამ საკმაოდ ვრცელ და აქტუალურ თემაზე ვესაუბრეთ გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის (საქართველო) გამგეობის თავმჯდომარეს, მელბურნის უნივერსიტეტის (ავსტრალია) ასოცირებულ პროფესორს, გლობალური ჯანდაცვის საუნივერსიტეტო კონსორციუმის (აშშ) განათლების კომიტეტის წევრს, გიორგი შაქარიშვილს, რომელიც ქართულ ენაზე ახლახან გამოცემული, პირველი აკადემიური ნაშრომის ავტორია.
ბატონო გიორგი, თვითონ ტერმინი „გლობალური ჯანდაცვა“ ფართო ქართული აუდიტორიისთვის ნაკლებად არის ცნობილი. მკითხველს უთუოდ დააინტერესებს მისი განმარტება და თქვენი გამოცდილება ამ მიმართულებით.
– გლობალური ჯანდაცვა არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც შედარებით ახალი დარგია. საუკუნეების მანძილზე არსებობდა და დღესაც არსებობს მისი წინამორბედი, მომიჯნავე დარგი, რომელიც „საერთაშორისო ჯანდაცვის“ სახელით არის ცნობილი. ის შეისწავლის და არეგულირებს განვითარებული ქვეყნების მიერ განვითარებადი ქვეყნებისადმი ჯანდაცვის სფეროში დახმარების საკითხებს.
ჯანდაცვის დარგში სახელმწიფოთა შორის ურთიერთდახმარებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, და სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე მოხდა საერთაშორისო ჯანდაცვის როგორც პროფესიის და როგორც აკადემიური დისციპლინის ფორმირება. თუმცა, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, გლობალიზაციის პროცესების უპრეცედენტოდ სწრაფმა განვითარებამ, მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ისეთ რისკ-ფაქტორები შექმნა, რომლის წინაშეც ყველა ქვეყანა, მათი ეკონომიური, პოლიტიკური, სოციალური თუ სამხედრო განვითარების დონის მიუხედავად, თანაბრად მოწყვლადი აღმოჩნდა. ეს რისკ-ფაქტორები არ ცნობენ სახელმწიფოთა პოლიტიკურ საზღვრებს და ყველა ქვეყნის მოსახლეობას თანაბარ საფრთხეს უქმნიან.
ამგვარ ახალ რეალობაში აუცილებელი გახდა „გლობალური ჯანდაცვის“ განვითარება, რომელიც ფოკუსირდება იმ რისკების აღმოფხვრაზე, რომლებიც ჯანმრთელობის თვალსაზრისით გლობალური მასშტაბის საფრთხეებს ქმნიან ყველა ქვეყნის, არა მარტო განვითარებადი ქვეყნებისთვის. ამ დარგის განვითარება მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. ის არნახული სისწრაფით ვითარდება, რადგან ქვეყნები კარგად აცნობიერებენ თუ რაოდენ აუცილებელია ნაციონალურ დონეზე ამ დარგის ტექნიკური და ოპერატიული კომპეტენციის გაძლიერება, იმისათვის რომ პოპულაციურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ძალისხმევაში ყველა სახელწიფო ეფექტურად ჩაერთოს. ამგვარი საერთაშორისო ძალისხმევა ხომ ყველა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი.
დაგვისახელეთ რამდენიმე მაგალითი ახლადშექმნილ რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებით, რომლებიც ყველა ქვეყნის მოსახლეობას თანაბარ საფრთხეს უქმნის და გლობალური ჯანდაცვის ძალისხმევას საჭიროებს?
– ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ბაქტერიების შტამების ჩამოყალიბება. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ბაქტერიამ, ამ ერთუჯრედიანმა, თვალით უხილავმა მიკროორგანიზმმა, გაცილებით უფრო მეტი სიცოცხლე შეიწირა ვიდრე ყველა ომმა ერთად აღებულმა.
ბაქტერიასთან ბრძოლა კაცობრიობამ უხსოვარი დროიდან დაიწყო. ჯერ კიდევ ძველ რომში შეიქმნა ინფექციის პრევენციული ინფრასტრუქტურა, რომლის საშუალებითაც ხდებოდა წყლის ფილტრაცია და საკანალიზაციო და გამოყენებადი წყლის ერთმანეთისგან განცალკევება. შემდგომში, უკვე შუასაუკუნეებში, შავი ჭირის პანდემიის მძვინვარების პერიოდში, მოხდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისეთი ეფექტური ინტერვენციის შემუშავება, რომელიც დღეს კარანტინის სახელით არის ცნობილი. ხოლო მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში კი ანტიბიოტიკის აღმოჩენამ, ინფექციური დაავადებების კლინიკური მართვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გარღვევა მოახდინა.
ანუ, ისტორიულად ერთმანეთისგან დაშორებულ სამ ეპოქაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ადამიანმა შექმნა ბაქტერიულ ინფექციასთან საბრძოლველი ეფექტური ტრიადა – პრევენციული, შემაკავებელი და კლინიკური ინსტრუმენტების სახით. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა ინფექციური დაავადებების გლობალური ტვირთის არნახული შემცირება, ჯერ განვითარებულ ქვეყნებში, მოგვიანებით კი, საერთაშორისო ჯანდაცვის ძალისხმევით, უკვე განვითარებად ქვეყნებშიც.
ბოლო წლებში, ბაქტერიამ მოახერხა ისეთი გენეტიკური ტრანსფორმაცია, რომ დღეს არსებული ანტიბიოტიკები უძლურია მრავალი ბაქტერიის მიმართ. რეზისტენტული ბაქტერიების რაოდენობა და მრავალფეროვნება სწრაფად იზრდება. დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში, როდესაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა ათეულობით მილიონი ადამიანი ყოველდღიურად გადაადგილდეს დედამიწის ერთი კუთხიდან მეორეში, გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ინფექციური დაავადების საინკუბაციო პერიოდია, მნიშვნელოვნად გაზრდილია ძნელად განკურნებადი, ან განუკურნებელი ინფექციური დაავადებების ეპიდემიების და პანდემიების რისკები.
ამიტომ, კაცობრიობას ორი არჩევანი აქვს: ან ისევ რამდენიმე საუკუნე მოანდომოს ამ ახალი ტიპის გამოწვევის წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიებების შემუშავებას, და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისეთივე მოწყვლადი დარჩეს ბაქტერიის მიმართ როგორც შუა საუკუნეებში იყო, ან გამოიყენოს დღეს არსებული ტექნოლოგიური და სამეცნიერო პროგრესი, ასევე ტექნიკური და ოპერატიული გამოცდილება, და მყისიერი შედეგის მისაღებად აქტიური ქმედითი ღონისძიებები განავითაროს.
ამგვარი ღონისძიებების განხორციელებას კი სჭირდება საერთაშორისო თანამშრომლობისადმი კარგად დაგეგმილი სტრუქტურული მიდგომა. სწორედ ესაა, რასაც გლობალური ჯანდაცვის დარგი ემსახურება.
უამრავი სხვა მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა კლიმატური ცვლილებები. დედამიწის საშუალო ტემპერატურის მატების ტენდენცია ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში უფრო მეტი იყო, ვიდრე გასული რამდენიმე საუკუნის მანძილზე. ტემპერატურული ზრდის ეს არასასურველი ტენდენცია კიდევ უფრო მატულობს. საშუალო გლობალური ტემპერატურა 1850-99 წლებიდან დან 2001-2005 წლებამდე 0.85 ცელსიუსით გაიზარდა. კლიმატოლოგების პროგნოზით კი, 21-ე საუკუნის ბოლომდე დათბობის ზრდამ შეიძლება 1.8-დან 4.0 ცელსიუსს მიაღწიოს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სავალალო შედეგებს გამოიწვევს.
ტემპერატურის ზრდის რეალური მაჩვენებელი დათბობის შესამცირებლად გაწეული გლობალური ძალისხმევის მასშტაბსა და ეფექტურობაზე იქნება დამოკიდებული. ამ ძალისხმევის დაგეგმვასა და განხორციელებაში, გლობალურ ჯანდაცვას, საერთაშორისო დიპლომატიასთან, მრეწველობასთან, ვაჭრობასთან და სხვა დარგებთან ერთად, ძირითადი როლი აკისრია.
კიდევ რამდენიმე საილუსტრაციო მაგალითია ბიოტერორიზმი, ჰუმანიტარული კატასტროფები, ლტოლვილების ნაკადის სწრაფი ზრდა, მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობრივი და ასაკობრივი ცვლილებები, საკვების და წყლის გლობალური მარაგის და ხარისხის შემცირება, გარემოს დაბინძურება და სხვა. ყველა ეს ფაქტორი მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის და გლობალური ჯანდაცვის ეფექტურ ღონისძიებებს საჭიროებს.
შეიძლება ითქვას, რომ დღის წესრიგში დგას საქართველოში გლობალური ჯანდაცვის როგორც ახალი დარგის დაფუძნება?
– საქართველოში ამ თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო სიტუაციაა. ერთი მხრივ, ქართველი მეცნიერები უკვე ათწლეულების მანძილზე წარმატებულად მუშაობენ საერთაშორისო მასშტაბით. მაგალითად, ჩემთვის მეტად სასიამოვნოა პროფესორ თამაზ კერესელიძის გახსენება, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში მოღვაწეობდა ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში. ბატონი არჩილ კობალაძე, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში, საქართველოში შექმნა ჯანდაცვის პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია. ბატონი ამირან გამყრელიძე, რომელიც ევრაზიის რეგიონში მართებულად ითვლება დარგის ერთ-ერთ უპირობო ავტორიტეტად. ქალბატონი ნატა მენაბდე, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იერარქიაში ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა უკავია.
სასიხარულოა, რომ დარგის პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო შეხვედრაში, უმეტესწილად წარმოდგენილნი არიან სხვა ქართველი კოლეგებიც. ამის გათვალისწინებით, საქართველოში გლობალური ჯანდაცვის როგორც დარგის დაფუძნებაზე საუბარი ალბათ არ იქნება მართებული. ჩვენს ქვეყანაში ეს დარგი არსებობს და ის მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა უჩვეულოდ მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა. მაგრამ საქართველოში ძალიან მწირია ამ დარგის აკადემიური ნაწილი, ხოლო ექსპერტთა ამგვარი სიუხვე ერთგვარ პარადოქსადაც აღიქმება.
მაგალითად, არ არსებობს გლობალური ჯანდაცვის მუდმივმოქმედი საუნივერსიტეტო პროგრამები, აქამდე არ იყო დარგის ქართულენოვანი სახელმძღვანელო, არ მიმდინარეობს სისტემატური სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე დღის წესრიგში დგას დარგის აკადემიურ სივრცეში ინტეგრაცია. მიმდინარე პრაქტიკული საქმიანობის კიდევ უფრო გასაფართოებლად, ხარისხის გასაუმჯობესებლად, აუცილებელია დარგის აკადემიური ბაზისის გაძლიერება.
ალბათ ამ მიზანს ემსახურება ახლად შექმნილი გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტი? თუ შეიძლება გვიამბეთ მის შესახებ.
– ორგანიზაცია ამჟამად პირველ ნაბიჯებს დგამს. ვსარგებლობ შემთხვევით და მკითხველს მივაწვდი ორგანიზაციის ვებ გვერდის მისამართს სადაც მის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება შეიძლება: www.iogh.org ამ ეტაპზე ვებ გვერდის მხოლოდ ინგლისურენოვანი ვერსია გვაქვს. ჩვენი პირველი პროდუქტი ზემოთ ნახსენები ქართული სახელმძღვანელოა. პროექტზე თანამშრომლობისთვის მადლიერებას გამოვხატავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლევან მიქელაძის ფონდის მიმართ. ჩვენი შემდეგი პროდუქტია გლობალური ჯანდაცვის საუნივერსიტეტო კურსის მომზადება, რომლის სწავლებაც უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამების ბაზაზე სავარაუდოდ ამ აკადემიური წლიდან დაიწყება.
ინსტიტუტი ასევე აპირებს პარტნიორებთან თანამშრომლობით აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონალური საზაფხულო სკოლის შექმნას. გლობალური ჯანდაცვის აკადემიური პროგრამების დეფიციტი საქართველოს მსგავსად მთელი რეგიონის პრობლემაა. არადა, მასში გაერთიანებული ქვეყნები ერთმანეთთან განსაკუთრებით მჭიდროდ არიან გადაჯაჭვული ეკონომიური, სატრანსპორტო, ტურისტული, სავაჭრო, ეპიდემიოლოგიური, დემოგრაფიული და ბევრი სხვა პარამეტრით, რომელიც რეგიონის მოსახლეობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მსგავსი რისკების ქვეშ აყენებს.
რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის გადაწყვეტა ეფექტურ რეგიონალურ მიდგომას საჭიროებს. ევრაზიული საზაფხულო სკოლა დარგში ტექნიკური კომპეტენციის ზრდას და რეგიონალური კოოპერაციის დახვეწას შეუწყობს ხელს. ის ფაქტი, რომ სწორედ საქართველო უმასპინძლებს ამგვარ რეგიონალურ ღონისძიებას, ჩვენს ქვეყანას რეგიონალური მასშტაბით ლიდერის პოზიციის დაკავებაში დაეხმარება, რაც ვფიქრობ არანაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც ვიწყებთ მუშაობას, არის გლობალური ჯანდაცვის სასწავლო პროცესში ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის დანერგვა. მოგეხსენებათ, ამის მეშვეობით, კომპიუტერულად იქმნება ყველანაირი სიმულაციური გარემო, რომელშიც ადამიანი არა მარტო მთლიანად „ჩაძირულია“, არამედ მანიპულირებს ამ გარემოში არსებულ სიმულაციურ საგნებთან და არსებებთან. დღეს, გლობალური ჯანდაცვის სწავლება მხოლოდ სასწავლო აუდიტორიაზე და სახელმძღვანელოზე დაფუძნებული პროცესია. მაგრამ როგორც მედიცინის შესწავლაა შეუძლებელი კლინიკური პრაქტიკის გარეშე, ასევე შეუძლებელია გლობალური ჯანდაცვის სრულყოფილი შესწავლაც შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების მიღების გარეშე.
გლობალური ჯანდაცვის კურსდამთავრებულები, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებშიც კი, სწავლის პერიოდში მხოლოდ თეორიულ განათლებას იღებენ. რეალურ საველე პირობებში თეორიული ცოდნა მხოლოდ ნაწილობრივ გამოადგებათ. მყისიერი და ეფექტიანი მოქმედებისთვის პრაქტიკული გამოცდილება აუცილებელია. კლინიკური მედიცინისგან განსხვავებით, სადაც სტუდენტი საავადმყოფოში იწვრთნება და პაციენტთან მუშაობის პრაქტიკულ უნარებს იძენს, გლობალურ ჯანდაცვაში შეუძლებელია სტუდენტისთვის რეალური პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.
მაგალითად ინფექციური დაავადების ეპიდემიური აფეთქების ადგილებში, ლტოლვილთა ბანაკებში, ან თუნდაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალურ ასამბლეაზე. ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია გვეხმარება შევქმნათ ნამდვილ საველე პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებული სიმულაციური გარემო, რაც სტუდენტის თეორიულ ცონდას პრაქტიკული ნაწილითაც ამდიდრებს. რეგიონალური საზაფხულო სკოლა და ეს ინოვაციური პროექტი მნიშვნელოვნად წინ წაწევს საქართველოს დარგში გამორჩეული ადგილის დასაკავებლად.
პროექტები მართლაც საინტერესოა. რა ვადაში გეგმავთ მათ განხორციელებას და რა რესურსებით ოპერირებთ?
– ინსტიტუტმა ფუნქციონირება ენთუზიაზმის ხარჯზე დაიწყო, ასე ვთქვათ „მეორადი ფაკულტეტია“, სადაც საქმიანობის წარმართვა ძირითადი სამსახურის პარალელურად მიმდინარეობს. ჯერ არ მოგვეპოვება სათანადო ფინანსური სახსრები, რომელიც მშვიდად დაგეგმილი მუშაობის პირობებს შეგვიქმნიდა. ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ პოტენციურ დონორებთან და ტექნიკურ პარტნიორებთან, რათა დავარწმუნოთ დარგის განვითარების აქტუალობაში. მთავარია მონდომება, შეუძლებელი არაფერია. იმედი მაქვს, შემდგომი შეხვედრისას ამ მიმართულებით მნიშნველოვანი წინსვლა გვექნება.