საქართველოს მთავრობასა და გლობალურ ფონდს შორის, რომელიც შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის კუთხით მუშაობს, ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. გლობალური ფონდის წარმომადგენლის განცხადებით, დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ საერთაშორისო დაფინანსებიდან ეროვნულ დაფინანსებაზე გადასვლის გზები და დასახონ შესაბამისი სამოქმედო გეგმები, რომელიც შემდგომი 5 წლის განმვლობაში განსაზღვრავს დონორულ და ეროვნულ დაფინანსებებთან დაკავშირებულ დეტალებს.
„ეს არის ახალი საგრანტო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მიმდინარე დაფინანსება, იზრდება სახელმწიფოს დაფინანსების წილი და შესაბამისად მცირდება გლობალური ფონდის. ასე რომ, სამი წლის თავზე სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ სამივე მიმართულების მართვას“, – აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
მისი თქმით, მედიკამენტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისი უცვლელი დარჩება, იგივე, რაც გლობალური ფონდის შემთხვევაში იყო.
რაც შეეხება პრევენციას, მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო ამ კუთხითაც შეასრულებს არსებულ ვალდებულებებს.
„სახელმწიფოს ყველაზე უფრო მძლავრი ინსტრუმენტები აქვს საამისოდ, მასთან ახლოსაც კი ვერ მივა ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ინფექციების გადაცემის პრევენციით.
ძალიან დიდი კამპანია დავიწყეთ C ჰეპატიტითან დაკავშირებით. ეს არ ეხება მხოლოდ C ჰეპატიტს, ეს ეხება ზოგადად ინფექციების გადაცემის პრევენციას, რომელშიც შედის როგორც ჰეპატიტი, ასევე შიდსი, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები და ა.შ. ეს არის ჩვენი ვალდებულება და ამას შევასრულებთ“, – განაცხადა სერგეენკომ.