“არსებობს რისკი, რომ ამ საკონკურსო პირობებით ბანკები ნაკლებად დაინტერესდნენ”,- ასე შეაფასა “საზოგადოება ბანკები და ფინანსების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ უწყებათაშორისი კომისიის მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ე.წ. საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი 26%-მდე შემცირდება.
გადაცემაში „საქმიანი დილა“ გიორგი კეპულაძემ განმარტა, რომ ე.წ. საპენსიო სესხის გაცემა და პენსიის დარიგება ერთმანეთთან მიბმული საკითხებია და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის არაუზრუნველყოფილი სესხის გაცემისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. კეპულაძე იმედოვნებს, რომ უწყებათაშორისი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას რისკები წინასწარ იყო გათვლილი და შედეგი სასარგებლო იქნება როგორც პენსიონერებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვისაც.
“დიდი ხანი მიმდინარეობდა განხილვა და მუდმივად იყო დავის საგანი საპროცენტო განაკვეთი იმ სამომხმარებლო სესხზე, რომელსაც „ლიბერთი“ ბანკი გასცემდა და დღესაც გასცემს. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, მთავრობამ დათვალა თუ რა შეიძლება ჯდებოდეს რეალურად ეს სესხი და გადაწყვიტა, რომ ერთგვარად ირიბად დაასუბსიდიროს. 15 მილიონი ლარი ირიბი სუბსიდიაა ამ სასესხო პროცენტის, რადგან აქამდე, ბოლო წლებში სახელმწიფო არ უხდიდა „ლიბერთის“ თანხას პენსიის დარიგებაში. „ლიბერთი“ არა მხოლოდ დიდ ქალაქებში არიგებს პენსიას, არამედ, მიუწვდომელ ადგილებში, ცხენითაც კი მიაქვთ პენსია ბანკის წარმომადგენლებს. ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამ ხარჯების გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ის, რაც ჩაიდო საკონკურსო პირობებში არის მისაღები, პირველ რიგში, მთავრობისთვის.
საბოლოო ჯამში, სხვაობა ხანდაზმული მოქალაქეების სამომხმარებლო სესხსა და ჩვეულებრივი დასაქმებული ადამიანების სესხის საპროცენტო განაკვეთს შორის მინიმუმამდე შემცირდება. მათ შორის, იმ მაღალი რისკის გათვალისწინებით, რადგან ეს არის დაუზღვეველი სესხი, მოგეხსენებათ, ჩვენთან საპენსიო ასაკის ადამიანებს არც ერთი სადაზღვეო კომპანია არ აზღვევს და ესეც არის პრობლემა.
გასაგებია, რომ საპროცენტო განაკვეთი შედარებით მაღალია საშუალო საპროცენტო განაკვეთთან შედარებით, თუმცა, მაინც საბაზროა. ამ სესხს აქვს ძალიან ბევრი დამატებითი ხარჯი, თუნდაც იგივე სესხის დისტრიბუციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
მისი თქმით, დღესდღეობით ბაზარზე სულ რამდენიმე ბანკია, რომელსაც საპენსიო მომსახურების გაწევის რესურსი აქვს, შესაბამისად, სატენდერო კომისიის გამოცხადებულ კონკურსში მაღალი კონკურენცია ვერ იქნება.
“ვიცით, რომ ბევრი ბანკი არც არის ბაზარზე, რომელიც ინფრასტრუქტურულად და ლოჯისტიკურად პენსიის დარიგებას შეძლებს. ასეთი ალბათ, ორი, სამი ბანკია. ვნახოთ, მიიღებენ თუ არა ისინი კონკურსში მონაწილეობას. ჯერჯერობით ვიცით სულ ორი ბანკის სურვილი, რომ მიიღოს კონკურსში მონაწილეობა ესენია – „საქართველოს ბანკი“ და „ლიბერთი“.
“საქმიან დილაში” საუბრისას გიორგი კეპულაძემ ხაზი გაუსვა, რომ სუბსიდირებასა და სახელმწიფოს მხრიდან 15 მილიონის გაღების მომხრე არ არის, მაგრამ, კომისიის საქმიანობამ აჩვენა, რომ სხვა შემთხვევაში პროცენტის დაწევა შეუძლებელი იქნებოდა.
“სახელმწიფოს ახასიათებს ჩარევა კერძო სექტორის საქმიანობაში. მე არ ვარ მომხრე სუბსიდირების არც ყურძნის, არც ღვინის და მით უმეტეს არც მდიდარი მოქალაქეებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირება უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში, რადგან ეს ეხება მილიონ ორასი ათას ამომრჩეველს და მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ ფენას, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს, მორალურად ალბათ უფრო გამართლებულია.
რეალურად, ეს ატეხილი აჟიოტაჟი საბოლოო ჯამში დასრულდა იმით, რომ სახელმწიფომაც და კომისიამაც აღიარა, რომ უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთში, მით უმეტეს, კონკურენციის, ფაქტობრივად, არარსებობის პირობებში შეუძლებელი იყო სესხის პროცენტის დაწევა. სახელმწიფო კომისიის სურვილია, რომ ეს 26% იყოს უმაღლესი ნიშნული და ბანკებმა ერთმანეთში ივაჭრონ, კონკურენციაში შევიდნენ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით და ვინც შესთავაზებს უფრო დაბალ პროცენტს, ის იყოს ტენდერში გამარჯვებული.
მთავარი რისკი არის კომერციული ბანკების დაინტერესება. რამდენად დააინტერესებს ახლა მათ ეს პირობები და რამდენად იქნება კონკურენცია ამ კონკრეტული სეგმენტის მოსაპოვებლად“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.