საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის მიმდინარეობა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ ხელმძღვანელმა პირებმა შეაფასეს.
ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოს დღეს გამთენიას ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გილეად საიენსის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯონ მარტინი, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გრეგ ალტონი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი კლიფორდ სამუელი და უფროსი დირექტორი გრემ რობერტსონი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შეხვდნენ.
მინისტრმა კომპანიის ხელმძღვანელებს უპრეცედენტო პროგრამის განხორციელებისთვის საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა. დახურულ შეხვედრაზე პროექტის ეტაპობრივი შეფასება გაკეთდა.
C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელობა პირადად ჯანდაცვის მინისტრისგან გაეცნო უახლეს ინფორმაციას ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის, პროექტში ჩართული და განკურნებული პაციენტების, ასევე, იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც ვირუსის მატარებელთა გამოვლენას ისახავს მიზნად.
დახურულ შეხვედრაზე ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე და ამ კუთხით დაგროვებული ცოდნის სხვა ქვეყნებისთვის გაზიარებაზე გაამახვილეს ყურადღება.
დასკვნით ნაწილში კი, ელიმინაციის პროგრამის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა. კომპანია „გილეად საიენსის“ აღმასრულებელმა თავმჯდომარემ პროგრამის მიმდინარეობა შეაფასა და იმ მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც საქართველო შეირჩა.
“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს. რეგისტრირებულია 40.000-ზე მეტი ადამიანი, ბენეფიციართა უმრავლესობა განკურნებულია. ჩვენ შევარჩიეთ საქართველო, თუ მან შეგვარჩია ჩვენ – ეს სხვა დისკუსიის საგანია. საქართველო შეირჩა, რადგან მას ჰქონდა პროგრამის განხორციელების უნარი და აკმაყოფილებდა ყველა საჭირო პარამეტრს,” – განაცხადა, ჯონ მარტინმა.
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
ურთეირთგაგების მემორანდუმს ხელი 2015 წლის 21 აპრილს მოეწერა. 2016 წლის 18 აპრილს კი, ათწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსის სრულ ელიმინაციამდე კომპანიის მხრიდან მედიკამენტით უწყვეტ უზრუნველყოფას გულისხმობს. ამ დროისთვის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 43.000-მდე პირია რეგისტრირებული, ამათგან 40.000-ზე მეტი ბენეფიციარი უკვე ჩაერთო პროექტში, 31.000-ზე მეტმა კი დაასრულა მკურნალობის კურსი.
პროგრამის მიზანი საქართველოში C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია, ვირუსით გამოწვეული ავადობა-სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენციაა.