საპარლამენტო უმრავლესობისა და ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიგა ბუკია, მედიკამენტებზე ფასების კლების საკითხს ეხმიანება:
„სადავო აღარ არის და ფაქტია, რომ მონოპოლისტური ბაზარი ქვეყანაში აღარ არსებობს. საბაზრო რეგულაციები გადავიდა ღია ბაზრის პირობებში. წამლის ყველა სახეობაზე დაიწყო ფასმა შემცირება. ეს ბუნებრივი პროცესია.
სად, რა დოზით მოხდა ფასების კლება, რთული დასადგენია და შიდა კვლევის საკითხია. მთავრია, რომ ტენდენცია მოსახლეობისთვის სასარგებლოა. მომხმარებლებს რაც ნაკლები ექნება სამედიცინო ხარჯები, მით უკეთესი მათი ბიუჯეტისთვის“.
გიგა ბუკიამ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რასაც შესაძლოა,მედიკამენტებზე ფასების კლება გამოეწვია:
„ერთი მხრივ, ლარის კურსი ახდენს ფასთა კვოტირებას, ვინაიდან ნაწილი მედიკამენტებისა, რომლებიც დოლარზეა შეძენილი, ძვირად იყიდებოდა. იმ ნაწილის ფასი, რომლის იმპორტირება არ ხდება, არ შეიცვლებოდა, ან უფრო დაიკლებდა. ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლა. ეს ზრდის კონკურენციას. ვინც ამ ბიზნესშია ჩართული, ის უფრო ოპტიმალურ ფასებს შესთავაზებს მომხმარებელს. ბუნებრივია, კონკურენტული გარემო აიძულებს მათ, ფასებს გადახედონ და შეამცირონ“.