ჯანდაცვის სამინისტროს კამპანია „განიკურნე!“ გრძელდება. C ჰეპატიტზე მორიგი საყოველთაო სკრინინგის აქცია 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველო-შვედეთის შეხვედრის დაწყებამდე გაიმართა.
მოძრავი ამბულატორია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, 17:00 საათიდან განთავსდა. სწრაფი მარტივი ტესტის გაკეთება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო. სკრინინგის პროცესს ადგილზე გაეცნო და აქციაში პირადად ჩაერთო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.
ლოკომოტივის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი შეხვედრის დასრულებამდე იყო მობილიზებული. სკრინინგში ათობით მოქალაქე ჩაერთო. კამპანია „განიკურნე!“ ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო.
ის ინფექციის მატარებელთა დროულ გამოვლენასა და მათ მკურნალობის პროცესში ჩართვას ისახავს მიზნად. ამ დრომდე პროგრამაში 41.000-მდე პირია რეგისტრირებული, 40.000-ზე მეტი მკურნალობის პროცესში უკვე ჩაერთო, 30.000-ზე მეტმა კი, კურსი უკვე დაასრულა.