„განიკურნე!“ – ამ სახელწოდების კამპანია ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში წამოიწყო და მიზნად ვირუსის მატარებელთა გამოვლენას ისახავს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, საფრანგეთი-საქართველოს მატჩის დაწყებამდე, მოძრავ ამბულატორიაში C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობას დაესწრო.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებს გაესაუბრა და მოქალაქეთა მიმართვიანობის შესახებ ინფორმაცია პირადად მათგან მიიღო.
მოძრავ ამბულატორიაში სკრინინგი სარაგბო სტადიონზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწრაფი მარტივი ტესტის გაკეთება ყველა მსურველს შეეძლო. სკრინინგში 70-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო.
ამ დრომდე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 41 000-მდე ბენეფიციარია რეგისტრირებული, მკურნალობაში 40 000-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, 30 000-ზე მეტმა კი, კურსი უკვე დაასრულა.
#განიკურნე #STOPC #ჯანდაცვა2017
Jandacvis Saministro