გამოკვეთილია 20-დან 25-მდე შეუპოვრად არაკანონმორჩილი აფთიაქი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის თანახმადაც მარჯანიშვილზე მდებარე აფთიაქი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე გასცემს.
როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, სააფთიაქო ნარკომანია სისტემური და მასშტაბური იყო.
„ეს, პირობითად ორ ჯგუფად რომ გავყოთ, იყო საინექციო მედიკამენტები, როდესაც ყიდულობდნენ წამლებს, რომლისგანაც ამზადებდნენ საინექციო ნარკოტიკებს და ეს, ფაქტობრივად, წელშია გადატეხილი. რჩება ტაბლეტირებული ფორმები.
გამოკვეთილია 20-დან 25-მდე შეუპოვრად კანონარამორჩილი აფთიაქი, მათზე რამდენიმე ათეულჯერ განხორციელდა ინსპექტირება, თუმცა დაჯარიმებასა და თანამშრომლობაზე ისინი არ მოდიან. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ როდესაც ვერანაირად ვერ გავაგებინებთ, მივცეთ კანონს აღსრულების საშუალება, რომ ეს პრობლემა მინიმუმამდე ჩამოვიყვანოთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო არ არის სადამსჯელო ორგანიზაცია და მას შეუძლია აფთიაქს ლიცენზია შეუჩეროს.
„სამწუხაროდ, არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ იმავე ადამიანმა ისევ აიღოს ეს ლიცენზია. ჩვენ პარლამენტში წარდგენილი გვაქვს კანონპროექტი და იმედია შემოდგომის სესიაზე მიღებული იქნება, რომელიც ამ შესაძლებლობას შეზღუდავს.
თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს ხელთ არსებობს ასევე მძლავრი ინსტრუმენტები, როგორიცაა მაგალითად, გარკვეული გამოკვეთილი მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც მსოფლიოში არსად არ გამოიყენება ნარკოტიკული თრობისთვის გარდა საქართველოსი და არაკეთილსინდისიერი აფთიაქარების უმსგავსო ქცევის გამო ჯანდაცვის სამინისტრო ამ ჯგუფს თავის ადგილს მივუჩენთ, რომ მათთან წვდომა შეიზღუდოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.