გაეროს განვითარების პროგრამამ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეანომობილი გადასცა.
ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე შომბი შარპი და საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიმიტრუ ბადეა დაესწრნენ.
მაღალი გამავლობის სპეც-მანქანა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მომსახურებისთვის აუცილებელი ინვენტარითაა აღჭურვილი. რეანომობილისა და ეკიპირების ღირებულება ჯამურად 70.000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. რეანომობილის მეშვეობით, რეფერალური შემთხვევების მართვა, პაციენტთა ადგილზე კონსულტაცია, მდგომარეობის სტაბილიზაცია და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება გახდება შესაძლებელი.
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტი რეანომობილს რეფერალური პროგრამის განსახორციელებლად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს გადასცემს. რეგიონული სასწრაფო რეფერალური პროგრამის მართვას 2016 წლის ივნისიდან დაიწყებს.