მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » გაჩნდება თუ არა ფარმაცევტებში კონკრეტული მედიკამენტების გაყიდვის ინტერესი – რეფორმის შეფასებები

გაჩნდება თუ არა ფარმაცევტებში კონკრეტული მედიკამენტების გაყიდვის ინტერესი – რეფორმის შეფასებები

გენერიკული რეცეპტების ამოქმედებასთან დაკავშირებით ფარმაცევტულ ბიზნესს კითხვები რჩება. მთავარი კითხვა კი შეეხება იმას, ხომ არ მოხდება ექიმის, როგორც მკურნალობაზე მთავარი პასუხისმგებელი პირის როლის დაქვეითება და ამ პასუხისმგებლობის ფარმაცევტზე გადასვლა. ასევე, ხომ არ გადავა გარკვეული ბრენდების მედიკამენტების გამოწერის კომერციული ინტერესი ექიმიდან ფარმაცევტზე.

ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს. აფთიაქში მისულ მომხმარებელს კი ფარმაცევტი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული, გენერიკული მედიკამენტების ,,პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს.

ირაკლი მარგველაშვილის განმარტებით, მისასალმებელია პროცესი, რომელიც ფარმაციის ბაზარზე დაიწყო და რომლის მიზანია, გენერიული პროდუქციის მოხმარების გაზრდით მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. თუმცა მარგველაშვილი ამბობს იმასაც, რომ რჩება მთელი რიგი კითხვები, რომლებსაც ასოციაცია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს. ამ საკითხებს შორის მთავარია, ხომ არ მიეცემა აფთიაქის თანამშრომელს საშუალება, შეცვალოს ექიმის დანიშნულება. ხომ არ მოხდება ექიმის პასუხისმგებლობის შემცირება? ხომ არ მოხვდება პოზიტიურ სიაში ისეთი წამალი, რომელიც შესაძლოა არაა ორიგინალი პრეპარატის ეკვივალენტური.

ამასთან, ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ, არსებული სტანდარტით, გენერიკის ეფექტიანობა შესაძლოა 10-15%-ით ჩამოუვარდებოდეს ორიგინალს, თუმცა არსებობს შეფასების კრიტერიუმები, რომლითაც ფასდება, შეუძლია თუ არა კონკრეტულ წამალს ორიგინალის ჩანაცვლება. სწორედ ეს ფილტრები გამოიყენა ჯანდაცვის სამინისტრომ „პოზიტიური სიის“ შესაქმნელად. ეს კრიტერიუმია ბიოეკვივალენტობა ანუ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მედიკამენტს აქვს „უფლება“, იყოს გამოყენებული ერთერთ ჩამნაცვლებლად.

ირაკლი მარგველაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ფილტრების საშუალებით, ქართულ ბაზარზე არსებული 6 ათასამდე რეცეპტორული წამლიდან 3820 პოზიტიურ სიაში მოხვდა და მათ შორის ქართული წარმოების პროდუქციაცაა.

„ექიმმა შესაძლოა ვერბალურად დაიტოვოს უფლება, ურჩიოს პაციენტს, რომელი მედიკამენტი უნდა შეიძინოს. პაციენტს კი რჩება უფლება, აფთიაქში კონკრეტული წამალი მოითხოვოს. პროცესის მთელი სიფრთხილე იმაშია, რომ არ დავუშვათ, მანიპულირების საშუალება მიეცეს თუნდაც აფთიაქს, რომ ექიმის დანიშნულება შეცვალოს. ექიმის როლი წამყვანი უნდა დარჩეს,“ – განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

ირაკლი მარგველაშვილის თქმით, ყველა ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს მონიტორინგმა, რომელიც გენერიკული რეცეპტების ამოქმედების შემდეგ, სატესტო პერიოდში პროცესზე განხორციელდება. ხოლო თუ ხარვეზები იქნება, პროგრამის დიზაინში შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …