მთავარი » კვირის ინტერვიუ » ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემისთვის 10-ზე მეტი აფთიაქია დაჯარიმებული
მონიტორინგის დაწყებისთანავე გამოვლინდა აფთიაქები, სადაც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ურეცეპტოდ გასცემდნენ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ბაზარზე-ნანა შაშიაშვილი.

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემისთვის 10-ზე მეტი აფთიაქია დაჯარიმებული

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ფსიქოტროპული აფთიაქების გამკაცრებულ მონიტორინგი დაიწყო, რის შედეგადაც პასუხისმგებლობა ფარმაცევტსაც ეკისრება.

მონიტორინგის დაწყებისთანავე გამოვლინდა აფთიაქები, სადაც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე გასცემდნენ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ბაზარზე და რამდენად საკმარისია ეს ცვლილება პრობლემის მოსაგვარებლად, – თემაზე “საქმიან დილასთან“ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი ნანა შაშიაშვილი საუბრობს.

-ქალბატონო ნანა, მონიტორინგი ორი კვირაა დაიწყო, გადადგმული პირველი ნაბიჯები როგორია და რა დარღვევები დაფიქსირდა? 

– ნარკომანია მთელი მსოფლიოს პრობლემაა, მათ შორის საქართველოც გამონაკლისი არ არის. სააფთიაქო დაწესებულებაში ჩვენ არ გვაქვს კლასიკური ნარკოტიკული საშუალებების მიმოქცევა. ამ შემთხვევაში ჩვენ ბრძოლა დავიწყეთ იმ მედიკამენტების უკანონო მიმოქცევის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო არამიზნობრივი წესით. სააფთიაქო ნარკომანიას მედიკამენტების არამიზნობრივ გამოყენებას ვეძახით.

– როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში მედიკამენტების შემოტანაზე უნდა გამკაცრდეს კონტროლი? 

– საკანონმდებლო ცვლილება ორი მიმართულებით განხორციელდა. ნებართვის მიღების პროცედურა გამკაცრდა. თუ აქამდე არსებული მდგომარეობით, ნებართვის მიღება სრულიად მარტივი პროცედურა იყო იგივე პიროვნებებისთვის, რომლებიც ახალი იურიდიული პირის სახელით შემოდიოდნენ და ჩვენს მიერ ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გაუქმების შემდეგ იმავე მისამართზე ახალი დაწესებულება ჩნდებოდა ისე, რომ მას არანაირი შემაფერხებელი შეზღუდვა არ გააჩნდა.

მაგალითად, 2014 წელს ჩვენს მიერ კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სამჯერ გამოვლენილი დარღვევის შედეგად 11 აფთიაქი გაუქმდა. გასულ წელს 13 აფთიაქი იქნა გაუქმებული და მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე მდგომარეობით, 12 აფთიაქს გააუქმდა ნებართვა, 4-ზე გადაწყვეტილებას ველოდებით. პრობლემა იყო არა ის, რომ ჩვენ ინფორმაცია არ ვქონდა აღნიშნული დარღვევების შესახებ, არამედ შემდეგი პროცედურა იყო მარტივი და ბუმერანგის პრინციპით ისევ ხორციელდებოდა სამართალდარღვევა.

– ხომ არ გააჩენს ეს ე.წ. „შავ ბაზარს“? 

– მედიკამენტების შემოტანაზე საკმაოდ მკაცრი კონტროლია. მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით წინასწარი ნებართვა გაიცემა. ნებართვის გაცემა ხდება, უშუალოდ ტვირთის შემოსვლისას და ამ ტვირთის იმპორტის კონტროლი ხორციელდება, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ასევე პროცესში საბაჟო დეპარტამენტია ჩართული. პროცესი უკონტროლო არ არის, პირიქით ის რამდენიმე ტიპის კონტროლს გადის, სანამ ჩვენს ტერიტორიაზე შემოვა.

– თქვენ გამორიცხავთ, რომ შესაძლებელია ასეთი გვერდითი ხვრელები გაჩნდეს? 

– ამ ეტაპზე ჩვენ არ ვუშვებთ “შავი ბაზრის“ გაჩენის პრეცენდენტს, თუმცა თუკი ეს იშვიათი შემთხვევა დადგება, ამ შემთხვევაში დამერწმუნეთ, რომ რეაგირება სწრაფი, დაუყოვნებლივი და ეფექტური იქნება.

– ამ ეტაპზე რამდენი აფთიაქია დაჯარიმებული? 

– რაც კონტროლი დაიწყო, ამ ეტაპზე თბილისში ცხრა დაწესებულება დაჯარიმდა და ორი დაწესებულებაც ბათუმში, სადაც პირველი ჯგუფის ფარმაცევტული უკანონო მიმოქცევის ფაქტები დაფიქსირდა. ამ შემთხვევაში რეგულაციაში სანებართვო გამკაცრება და პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი ჩაჯდა, როდესაც ფარმაცევტი უნებართვო რეალიზაციას ახდენს, ან ურეცეპტოდ გასცემს მედიკამენტს, საქმიანობის უფლება გარკვეული ვადით ეზღუდება.

ჯარიმის სახდელის ოდენობას რაც შეეხება, იგივე რჩება, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. პირველ ჯერზე ურეცეპტოდ მედიკამენტის გაცემის შემთხვევაში ეს არის 6 000 ლარის ოდენობის სანქცია, რომელიც განმეორებით შემთხვევაში 12 000 ლარამდე იზრდება.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …