მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ფონდი „კურაციო“: ქვეყანაში საავადმყოფო საწოლების რაოდენობა მოსახლეობის საჭიროებას აღემატება

ფონდი „კურაციო“: ქვეყანაში საავადმყოფო საწოლების რაოდენობა მოსახლეობის საჭიროებას აღემატება

ქვეყანაში არსებული საავადმყოფო საწოლების რაოდენობა მოსახლეობის საჭიროებას აღემატება.

ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ მიერ გამოქვეყნებულ, ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის ახალ მეთხუთმეტე ტალღას სახელწოდებით: „სამედიცინო სერვისების ბაზარი საქართველოში, მისი სტრუქტურა და სტრუქტურიდან გამომდინარე შედეგები“. კვლევაში ნათქვამია, რომ 2020 წელს საწოლების მხოლოდ 52% იყო დატვირთული (და ესეც კოვიდ19-ის პირობებში), რაც მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის (77%) და დსთ-ს (83%) საშუალო მაჩვენებლებს (2019). კვლევის თანახმადვე, სახელმწიფო დანახარჯების ზრდის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე პროვაიდერების სელექციის მკაცრი კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, 2013-2020 საავადმყოფო საწოლების რაოდენობა 1.6-ჯერ გაიზარდა, ხოლო ამბულატორიული დაწესებულებებათა რაოდენობა 1.4-ჯერ.

რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობით საქართველო მკვეთრად განსხვავდება ევროპის საშუალო მაჩვენებლებისგან:  ექიმებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 1.8-ჯერ აღემატება ევროპის საშუალოს; ექთნების რაოდენობა (100,000 მოსახლეზე)-1.3-ჯერ ნაკლებია ევროპის საშუალო მაჩვენებლთან შედარებით. საქართველოში ექთანი/ექიმის თანაფარდობა ბოლო 5 წლის განმავლობაში არ აღემატება 0.9-ს. მაშინ როდესაც ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნებში ერთ ექიმზე საშუალოდ 2 ექთანი მოდის.

„ეს ყოველივე ეჭვქვეშ აყენებს მიწოდებული სამედიცინო სერვისის ხარისხს. სამედიცინო პერსონალის გეოგრაფიული განაწილება ქვეყანაში არათანაბარია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისშია თავმოყრილი სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი, სამედიცინო კადრების გეოგრაფიულ განაწილებაში კვლავ დიდია სხვაობა თბილისსა და რეგიონებში,“- ნათქვამია კვლევაში.

კვლევის კიდევ ერთი საინტერესო მიგნება ისაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ ხელი შეუწყო სამედიცინო სერვისების მოხმარების ზრდას და ამ პერიოდში (2013-2020 წწ) გაიზარდა როგორც ამბულატორიულ (33%), ისე სტაციონარული სერვისების მოხმარება (40%). თუმცა მოხმარება სტაციონარული სერვისების მეტად მაღალია, შედარებით ამბულატორიულთან . ჰოსპიტალური სერვისების ჭარბი მოხმარება კი, მკვლევარების შეფასებით, სუსტი პირველადი ჯანდაცვის სისტემით და შემოსავლებით მოტივირებული კერძო სექტორით აიხსნება.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …