18 ნოემბერს, 11 სააათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ პრესკონფერენცია გაიმართება და სტარტს აიღებს ფილტვის კიბოს საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანს ფილტვის კიბოსა და პერსონალიზებული მედიცინის შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლება წარმოადგენს.
ნოემბერი პერსონალიზებული მედიცინისა და ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა და საქართველოც სხვადასხვა აქტივობებით უერთდება. აქტივობის მიზანია, რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ფილტვის კიბოს რისკების, მისი წარმოშობის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობაში პერსონალიზებული მიდგომის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დაავადებაზე გამარჯვების შანსს.
პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრის H.O.P.E დამფუძნებელი, პაცინეტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია კერესელიძე და თოდუას კლინიკის კლინიკური ონკოლოგი თამარ ესაკია. ასევე, აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი სახე, ხათუნა ჟორდანია, რომელმაც სულ ახლახანს დაამარცხა ფილტვის კიბო, პაციენტებსა და გულშემატკივრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.
შეხვედრაზე ასევე მოწვეულები არიან ექიმი ონკოლოგები, რომლებიც ისაუბრებენ ფილტვის კიბოს პერსონალიზებულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის მნიშვნელობაზე, კონკრეტულად რას გულისხმობს ონკოლოგიური დაავადებების პერსონალიზებული მიდგომა, დაავადების რისკ-ფაქტორებსა და დღეს არსებულ სტატისტიკაზე. ღონისძიების მხარდამჭერები არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯია“, სამედიცინო პლატფორმა „მედრუმი“ და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“.
პერსონალიზებული მედიცინა არის ახალი, რევოლუციური სიტყვა ონკოლოგიაში, რომელიც პაციენტს სთავაზობს კონკრეტულად მასზე მორგებულ ინდივიდუალური მკურნალობისა და თერაპიის გეგმას.
ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილს იკავებს და უტოლდება ძუძუს, კოლორექტული და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის გაერთიანებულ მაჩვენებელს. ყოველწლიურად მსოფლიოში 2,2 მილიონზე მეტ ადამიანს უდასტურდება ეს დიაგნოზი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მამაკაცები ფილტვის კიბოთი 7-10 ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები. ფილტვის კიბოს განვითარების მთავარი რისკის ფაქტორებია: დაბინძურებული გარემო, მოწევა, მძიმე მეტალებთან მუდმივი კონტაქტი, რადიოაქტიური გამოსხივება, თანმხლები ფილტვის ქრონიკული დაავადებები. სტატისტიკის მიხედვით, ამ ტიპის ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტების დაახლოებით 90% მწეველია, დაავადება შესაძლოა განუვითარდეს როგორც აქტიურ, ისე პასიურ მწეველებს.
მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოს დროული დიაგნოსტიკა, მისი ადეკვატური მკურნალობა და მართვა. დღეს უკვე მოლეკულური დიაგნოსტიკის საშუალებით შესაძლებელია ცალკეულ ინდივიდში სიმსივნის გამომწვევი გენეტიკური ცვლილების განსაზღვრა და კონკრეტულად ამ ცვლილებაზე მიმართული მკურნალობის შერჩევა. ასეთი პერსონალიზებული მკურნალობის მიდგომით მნიშვნელოვნად იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი.