ჯანდაცვის სამინისტრო: ფარმადეპო სატელეფონო კონსულტაციის შედეგად, ელექტრონულ რეცეპტს კანონდარღვევით გასცემდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპოში“ აღმოჩენილი სამართალდარღვევის შესახებ ისაუბრეს.
რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ხუციშვილის განაცხადებით, ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ შპს „ჯანდაცვის მოწინავე სისტემების ბიურო ჯმსბ“-ში დასაქმებულნი არიან ექიმები, რომლებიც აწარმოებენ პაციენტთა სატელეფონო კონსულტაციას, რის საფუძველზეც, პაციენტის საპასპორტო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონი), შეკრებილი ანამნეზი, ჩივილები და მიცემული დანიშნულება, „ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის“ ნაცვლად, შეაქვთ სპეციალურად შემუშავებულ ელექტრონულ პროგრამაში, რომელიც ეგზავნება „ფარმადეპოს“ აფთიაქებს.
აღნიშნული სქემით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნებოდა სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის, საჭირო სამედიცინო კვლევების გარეშე, მხოლოდ „ფარმადეპოს“ აფთიაქებში მიეღო მედიკამენტი. ზემოაღნიშნული ელექტრონული პროგრამის წარმოება არ შეესაბამება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმას და წარმოების წესს.
ფარმაცევტული საქმინობის კონტროლის სამმართველოს უფროსის ნანა შაშიაშვილის განცხადებით, ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 4 ოქმი, რომელიც გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ბრიფინგზე რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს ფარმაცევტულ დაწესებულებებს, რომ არ განახორციელონ მსგავსი ქმედებები და იხელმძღავანელონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მედიკამენტების გაცემის წესებით.