რთული იქნება, წლის ბოლომდე რეფერენტული ფასები მთელ ფარმაცევტულ ბაზარზე ამოქმედდეს. ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა, ირაკლი მარგველაშვილმა jandacva.ge-ს განუცხადა. მარგველაშვილი საკუთარ პოზიციას იმით ასაბუთებს, რომ რეფერენტული ფასების ამოქმედება ტექნიკურად რთული პროცესი აღმოჩნდა იმ 700-მდე მედიკამენტის შემთხვევაშიც კი, რაც პირველ ეტაპზეა განსაზღვრული, მთელ ბაზარზე კი, რომელიც 14-15 ათასამდე პრეპარატს მოიცავს, ამის წლის ბოლომდე განხორციელება, მისი შეფასებით, რთული იქნება.
შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასების სისტემას დაქვემდებარებული მედიკამენტების კატალოგი, რომელიც 1330 წამალს მოიცავს, 14 იანვარს გამოქვეყნდა. ირაკლი მარგველაშვილი განმარტავს, რომ გამოქვეყნებული სია მოიცავს საქართველოს ბაზარზე დარეგისტრირებულ წამლებს, რეალურად მიმოქცევაში კი ამ წამლებიდან დაახლოებით 700 მედიკამენტია.
როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე საუბარია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო წამლებზე. ჯანდაცვის სამინისტროს გეგმების მიხედვით, 2023 წლის ბოლომდე ეს რეგულაცია ეტაპობრივად, მთელ ფარმაცევტულ ბაზარზე ამოქმედდება. რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო ზედა ზღვარს აწესებს თუ რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი. ფასები სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით დადგინდა.
jandacva.ge დაინტერესდა, რამდენად ბევრ წამალზე წარადგინა ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ ფასების გაზრდის მოთხოვნა. როგოც ცნობილია, რეფერენტული ფასების გამოქვეყნების შემდეგ, ფარმაცევტულ სექტორს 31 იანვრის ჩათვლით ჰქნდა ვადა, სამინისტროსთვის მიეწოდებინა დასაბუთებული განაცხადი, თუ რომელი წამლის ფასის შეცვლაა აუცილებელი.
სამინისტრო შეისწავლის მათ განაცხადებს და თუკი ისინი არგუმენტირებული იქნება, ფასების გადახედვა დადგენილი პრინციპებით მოხდება. გადაწყვეტილება – გაითვალისწინებს თუ არა სამინისტრო მათ არგუმენტებს და დააკორექტირებს თუ არა რეფერენტულ ფასს – 15 თებერვლამდე უნდა იქნას მიღებული, რადგან სწორედ ამ დღიდან შედის ძალაში რეგულაცია და კომპანიებს 15 თებევრლიდან აღარ შეეძლებათ წამლების რეფერენტულ ფასზე ძვირად გაყიდვა. ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ ზუსტი სტატისტიკა არ აქვს, თუმცა განაცხადები სამინისტროში შეტანილია. ამასთან, მისი განცხადებით, სექტორისთვის ამ დრომდე უცნობია, რამდენი და რა კომპეტენციის ადამიანი შედის საბჭოში, რომელმაც აღნიშნული განაცხადები უნდა განიხილოს.
„ჩვენ ისიც არ ვიცით, რა რესურსი აქვს სამინისტროს. რამდენი ადამიანი შედის სპეციალურ საბჭოში და რა კომპეტენციის სპეციალისტები არიან ისინი. 600-700 მედიკამენტის შემთხვევაშიც საკმაოდ რთულია ეს პროცესი და წლის ბოლომდე მთელ ფარმაცევტულ ბაზარს, რომელიც 14-15 ათას პრეპარატს მოიცავს, ეს ფიზიკურად ვერ გასწვდება,“ – აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.
მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.
ცვლილება ქვეყანაში მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად.
კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. სანქცირება კი 15 მარტიდან ამოქმედდება.
jandacva.ge