მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით პრეტენზები გამოთქვა – რას გეგმავს სამინისტრო

ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით პრეტენზები გამოთქვა – რას გეგმავს სამინისტრო

ფარმაცევტულმა კომპანიებმა რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში პრეტენზიები წარადგინეს. სამინისტრო შეისწავლის მათ განაცხადებს და თუკი ისინი არგუმენტირებული იქნება, ფასების გადახედვა დადგენილი პრინციპებით მოხდება. ამის შესახებ  მსოფლიო ბანკის პროექტის წარმომადგენელმა, ჯანდაცვის სპეციალისტმა ლელა სულაბერიძემ გადაცემა “იმედის დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტროს პრეტენზიების მიღების ვადა ხვალ დღის ბოლომდე აქვს, პრეტენზიები უკვე შესულია და როგორც აღნიშნული მექანიზმი მოიაზრებს და როგორც სხვა ქვეყნებშიც ხდება, ჯანდაცვის სამინისტრო ამუშავებს განაცხადებს და თუკი არგუმენტირებული იქნება მათი პრეტენზიები, კიდევ ერთხელ მოხდება ფასების გადახედვა იმ პრინციპების მიხედვით, რაც უკვე დადგენილია.

შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასების სისტემას დაქვემდებარებული მედიკამენტების კატალოგი, რომელიც 1330 წამალს მოიცავს, ორი კვირის წინ გამოქვეყნდა.

ის ოთხი ქვეყანა, რომელთა ფარმაცევტული ბაზარიც საქართველომ საკუთარი რეფერენტული სისტემის ჩამოსაყალიბებლად შესადარებლად აიღო, არის: ბულგარეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და ლატვია.

პირველ ეტაპზე რეფერენტულ ფასებს ონკოლოგიურთან ერთად ქრონიკული მედიკამენტები დაექვემდებარა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, უკვე მზადაა ელექტრონული მოდელი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რეალურ დროში დავაკვირდეთ რეფერენტული ფასწარმოქმნის კანონმდებლობის ფარგლებში განსაზღვრული მედიკამენტების მოძრაობას საბაჟოდან დაწყებული იმით დამთავრებული, როგორ მოძრაობს ეს მედიკამენტები ქვეყანაში და რა ფასად იყიდება.

„რა თქმა უნდა არის სანქცირების მექანიზმიც. პირველი დარღვევის შემთხვევაში, თუ ეს არის საცალო გაყიდვის დონეზე, არის გაფრთხილება, ასევე საბითუმო გაყიდვის დონეზე. თუ მოხდა მეორე დარღვევა, საცალო დონეზე არის ჯარიმა 5 ათასი ლარი, საბითუმო დონეზე 15 ათასი ლარი. ესეც იმიტომ, რომ თავიდან ავიცილოთ რისკები დარღვევებთან დაკავშირებით და ვაკონტროლოთ ეს სისტემა, რადგან აღსრულება არის ერთერთი მთავარი ფაქტორი, თუ რამდენად წარმატებული იქნება ეს სისტემა,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. სანქცირება კი 15 მარტიდან ამოქმედდება.

მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.

ცვლილება ქვეყანაში მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად.

 

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …