ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ფარმაცევტული კომპანიების მიერ წამლების დეფიციტის ხელოვნურად შექმნის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინა კობახიძე პირველი არხის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ეხმაურება.
შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ფარმაცევტული კომპანიები რიგ შემთხვევაში მედიკამენტების დეფიციტს ხელოვნურად ქმნიან. როგორც მინისტრმა განმარტა, მსგავსი შემთხვევები კანონით დარეგულირდება.
„სამწუხაროდ, ფაქტებიც იყო, რომ აფთიაქები ხელოვნურად იღებდნენ დახლებიდან მედიკამენტებს, „ნუროფენი“ იყო მაგალითად ასეთი. ხედავდნენ, რომ მოთხოვნა მაღალი იყო და ამას აკეთებდნენ იმისთვის რომ მერე უკვე ოთხჯერ და ხუთჯერ ძვირად გაყიდულიყო. სამწუხაროდ, ასეთი არაკეთილსინდისიერი მიდგომა არსებობს, ამას მარკეტინგს ვერ დავარქმევ… ამ ყველაფერს მომდევნო წლიდან კანონი დაარეგულირებს, ჩვენ გავაკეთეთ ჩანაწერი კანონში, რომ ნებისმიერი საბითუმო მოვაჭრე ვალდებულია ონლაინ გაგვიხსნას ბაზები და ნებისმიერ დროს რეგულირების სააგენტო ხედავს როგორც ნაშთებს, ასევე ფასებს. ეს ერთი მხრივ, დაგვეხმარება იმაში, რომ კომპანიებმა რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასად არ გაყიდონ მედიკამენტი და რეაგირების შესაძლებლობასაც მოგვცემს, იმისთვის რომ ხელოვნურად დეფიციტის შექმნა ვერ შეძლონ. იმპორტიდან დაწყებული მთელ ციკლს გავაკონტროლებთ,“ – განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.
ბიზნესასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინა კობახიძე კი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ყველა მოთამაშის ასეთ კონტექსტში მოხსენიება.
„ჩემთვის წარმოუდგენელია ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ბიზნესის ერთად ამ ყველაფერში მოხსენიება. ძალიან დეტალურად უნდა შეისწავლოს უწყებამ რა მედიკამენტებზე მოხდა დეფიციტი. თუ ეს იყო მაგალითად ანტიბიოტიკებზე, რომელთა ძალიან მსხვილი მწარმოებელი სხვადასხვა ქვეყნიდან გადის და ჩვენი ქვეყნიდანაც გავიდნენ, მაშინ ეს გასაგებია. მაგრამ თუ ეს იყო ხელოვნურად გამოწვეული, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რატომ გამოიწვიეს ხელოვნურად. ამ ბაზარზე კონკურენცია მეტნაკლებად არსებობს, მოღვაწეობს 4-5 დიდი ფარმაცევტული კომპანია, რომელთა ერთი ხელის აღებით ერთ ქვაბში „ჩაყრა“ არ არის სწორი იმიტომ, რომ მოქალაქეებში უნდობლობას იწვევს. რაც შეეხება დეფიციტს, დეფიციტი ბევრმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, როცა ვმუშაობდით თურქეთის ბაზრის გახსნაზე, მსხვილი საერთაშორისო კომპანიებისგან იყო მუქარები, რომ ისინი გავიდოდნენ ბაზრიდან, რომ აღარ იყო მათთვის ეს ქვეყანა საინტერესო მოცულობით და ა.შ. თუმცა ჩვენმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა დაარეგულირეს ეს ურთიერთობა ისე, რომ დღეს მეტნაკლებად ხელმისაწვდომია ესა თუ ის მედიკამენტი. თუმცა აქ ყველაზე მთავარი პრობლემაა, ექიმი როდესაც ნიშნავს მედიკამენტს, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ არის ამოღებული ან უბრალოდ ბაზარზე არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა ისევ არ არის გამართული – პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმს მეტნაკლებად არ აქვს, ისტორიას არ იცნობს და ფარმაცევტებთან წვდომა არ აქვთ მაშინ, როდესაც სადაზღვევო კომპანიების პაციენტებს ეს ყველაფერი აქვთ. ინიშნება მედიკამენტები, რომლებიც, აღმოჩნდება, რომ საერთოდ არაა ამ ბაზარზე ბოლო რამდენიმე თვეა. ესაა კომპლექსური თემა და მხოლოდ განყენებულად მარტო რეფერენტული ფასების დაწესება და ელექტრონული რეცეპტი არ უშველის, არც წამლებს არ გააიაფებს გრძელ ვადაში და მოკლევადიან ეფექტს გამოიწვევს. ბიზნესის მიზანია, მოქალაქისთვის სტაბილურად ხელმისაწვდომი გახდეს ის მედიკამენტი, რომელიც მას სჭირდება,“ – განაცხადა ნინო კობახიძემ.