მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადება
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადება საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ სხვადასხვა ხელისშემშლელ ქმედებასთან დაკავშირებით.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადება

“აიპ” ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია”-ს და მასში გაწევრიანებულ ყველა სუბიექტს სურს დააფიქსიროს პოზიცია საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ  სხვადასხვა ხელისშემშლელ  ქმედებასთან დაკავშირებით, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს კომპანიებს”.

“საქმე ეხება საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩადენილ, კანონთან შეუსაბამო მოქმედებებს, რომელსაც ადგილი აქვს ფარმაცევტული კომპანიების მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების დროს.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა საბაჟო პროცეურების ხელოვნურად გაჭიანურებამ, მიუხედავად სრულყოფილი დოკუმენტაციისა, უმეტეს შემთხვევაში ფარმაცევტული საქონლის მიმართ რისკის დერეფნად განისაზღვრება წითელი დერეფანი.

რაც ნიშნავს, რომ საქონელმა საბაჟო კონტროლის 4 არსებული ღონისძიებიდან უნდა გაიაროს ყველაზე მკაცრი და გრძელვადიანი პროცედურა, რომელიც  გულისხმობს   საქონლის მიმართ  საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებას. 

აღნიშნული მით უფრო მიუღებელია, როდესაც ასეთი შემოწმებისას დარღვევები არ ვლინდება და საბაჟო დეარტამენტის თანამშრომლები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, იმპორტირებულ საქონელს მაინც წითელ დერაფანში აგზავნიან. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქონლის უდიერი დათვალიერებისას ილახება მათი სასაქონლო სახე და რეალიზაციისათვის უვარგისი ხდება საკმაოდ ძვირადღირებული ფარმაცევტული პროდუქტი.

ჩვენი აღშფოთების საგანი არის  ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ქმედებებისას ძირითადი აქცენტი გამახვილებულია არა საქონლის რაოდენობასა და მისი თანმხლები დოკუმენტაციის ფინანსურ მახასიათებლებზე, არამედ მედიკამენტების შეფუთვა-მარკირების კონტროლზე, რაც წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად არის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფუნქცია, ისიც მხოლოდ ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვის შემდგომ, მათი შერჩევითი კონტროლის მიზნით.

უფრო მეტიც, საბაჟოს თანამშრომლების მიერ სრულიად უმნიშვნელო განსხვავების აღმოჩენის შემთხვევაში, ხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გაფორმება მაშინ როდესაც, დეკლარირების პროცესი ჯერ არ არის დასრულებული, ფარმაცევტული პროდუქტი განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონაში, მას არ აქვს გადმოკვეთილი საქართველოს ეკონომიკური საზღვარი და შესაბამისად არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე.

ამ ეტაპზე შეგნებულად არ ვახდენთ სხვა დარღევების დასახელებას, თუმცა გარწმუნებთ, რომ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მსგავსი  ქმედება საკმაოდ დიდ მატერიალურ ზიანს აყენებს თითოეულ მეწარმე სუბიექტს, აღარ ვსაუბრობთ იმ ნეგატიური შეხედულებების შესახებ, რომლებიც ამ გარემოებების შემხედვარე უცხოელ ინვესტორებს უჩნდებათ.  უდაოა  და განხილვას არ ექვემდებარება ის, რომ საბაჟო და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა იყოს უფრო მეტად მოტივირებული ბიზნესის მხარდასაჭერად და არა ხელისშემშლელად.

გვერწმუნეთ, შექმნილი სიტუაცია საგანგაშოდ რომ არ ჩაგვეთვალა, კიდევ შევიკავებდით თავს ასეთი სახის განცხადებისაგან, თუმცა დღეს არსებული მდგომარეობა სხვა გზას არ გვიტოვებს. ვიმედოვნებთ, რომ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების ბოლო პერიოდში შეცვლილი დამოკიდებულება მიზნად არ ისახავს ფარმაცევტულ დარგში დასაქმებული სუბიექტებისთვის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში ხელოვნურად ხელის შეშლას და მსგავსი ქმედებების განხორციელება უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრება”.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …