დემურ გიორხელიძე: ფარმაცევტული ბაზარი ეს არის ერთ–ერთი ყველაზე ბნელი თემა საქართველოში. „თუ გავიხსენებთ რა მემკვიდრეობა ერგო ხელისუფლებას, ერთი მხრივ გასაგებია მათი მცდელობა, რაღაცით მაინც გაეუმჯობესებინა პირობები ჯანდაცვაში. იქ, სადაც ბევრისთვის მიუხედავად ასაკისა, კარი ხშირად დახურული იყო.
თუმცა წინა ხელისუფლებამ მედიცინის რეფორმა სოციალური დატვირთვიდან იზოლირებულად მოახდინა და მივიღეთ წმინდა კომერციული მედიცინა, სადაც ყველაფერი საბაზრო პრინციპებზე იყო აგებული.
როგორც წესი ასეთი რაღაცები მსოფლიოს არცერთ წამყვან ქვეყანაში არ კეთდება იმიტომ, რომ ამა თუ იმ კულტურაში არსებობს სოციალური სამართლიანობის გაგება და ხელისუფლებები ამას გვერდს ვერ უვლიან. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად გაუმჯობესდა გარკვეული დაწესებულებების იერსახე, ახალი ტექნოლოგიები შემოიღეს, კვალიფიკაცია ცოტათი დაიხვეწა, მაინც ეს იყო შეძლებული ადამიანებისთვის გაკეთებული.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ გარკვეულწილად ადამიანებს შვება მისცა და ამის უგულვებელყოფა სწორი არ იქნება, იმიტომ რომ მას თავისი დადებითი მხარეები აქვს. მაგრამ არსებობს მეორე საკითხი, რომელიც თავიდანვე ჩანდა: ასეთ ღარიბ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა სულს ღაფავს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა და დიდი სოციალური ვალდებულებების აღება ცოტა საეჭვოა არსებული ბიუჯეტის ფარგლებში.
ქვეყანაში ამხელა ფუფუნება არ არსებობს, უბრალოდ, ფული არ არის. ამხელა ხარჯები ჩიხში შეიყვანს სახელმწიფოს. ამიტომ მე მესმის კარგად, რომ ალტერნატიულ გზებზე ფიქრობს სამინისტრო. სიმართლე გითხრათ, გამართულ, რეალობაზე დაფუძნებულ პროგრამას ვერ ვხედავ“, – ამბობს დემურ გიორხელიძე.
დემურ გიორხელიძემ, ჯანდაცვის სისტემის რეფორმაში ეკონომისტების ჩართვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„აქ არის ერთი პრობლემა –ჯანდაცვის რეფორმას არ შეიძლება აკეთებდნენ მხოლოდ ექიმები, რადგან ჯანდაცვა არის ეკონომიკის და სოციალური ინფრასტრუქტურის დიდი სფერო. ამდენად, მას რეფორმატორები, სისტემური ხედვის მქონე ადამიანები უნდა აკეთებდნენ.
ჯანდაცვა განიხილება როგორც ბალანსი ეკონომიკურ ეფექტიანობას, ჯანდაცვის ეფექტიანობასა და სოციალურ სამართლიანობას შორის. ჯერ მთავრობა ამისთვის მზად არ არის, ექიმები კი რეფორმას სწორად ვერ გაატარებენ.
ქვეყანა არის საშინლად ღარიბი, გვყავს უამრავი ავადმყოფი. სამინისტრო ხომ დაავადებების პრევენციაზე იღებს ორიენტაციას, დიაგნოსტიკის შედეგად სავარაუდოდ ძალიან ბევრი დაავადება გამოვლინდება და მე კარგად არ მესმის როგორ აპირებს გასწვდეს ამდენს სამინისტრო“, – აღნიშნა მან.
დემურ გიორხელიძეს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც ვკითხეთ აზრი:
– ფარმა ბაზრის სტრუქტურასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? არსებობს მოსაზრება, რომ წარმატებული რეფორმისათვის აუცილებელია მედიკამენტებზე და სამედიცინო სერვისებზე ფასების დარეგულირება. ემხრობით თუ არა ამ აზრს?
– ეს არის ერთ–ერთი ყველაზე ბნელი თემა საქართველოში. ეს არის ოლიგოპოლიური ბაზარი. რამდენიმე მსხვილი მოთამაშე ხელშეწყობილია ხელისუფლების მიერ რომელიც სჩადის განუკითხაობას და ამას წამლის კონტროლის შესაბამისი სამსახურიც ეხმარება.
დააკვირდით უბრალო რამეს – გასულ 6 თვეში ქვეყანაში შემოტანილი იქნა 176 მილიონი ამერიკული დოლარის წამალი. წელს კი ერთ წელში შემოტანილ იქნა 405 მილიონი დოლარის წამალი. სერიოზული ზეწოლაა ლარის კურსზე. ვფიქრობ, სად წავიდა ამდენი წამალი და რაში უნდა მოხმარებოდა, რადგან ზრდა თითქმის ორნახევარჯერ მეტია.
კიდევ ერთი რამ არის საინტერესო – მიუხედავად წამლის ასეთი ოდენობით იმპორტისა, ფასებიც საშინლად იზრდება, ის არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება. ეს ხელისუფლების უსუსურობის შედეგია.
ამიტომ ჯანდაცვაში ნებისმიერი რეფორმა განწირულია თუ მთლიანად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა ინფრასტრუქტურული ელემენტი არ იქნა მოდერნიზებული, გაუმჯობესებული. მოერევა თუ არა სამინისტრო მონოპოლიებს და რაიმე სერიოზულს გააკეთებს, ეს ცალკე კითხვის საგანია.
– საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსმა“ სამინისტროს კონსულტაციები ჯანდაცვის სისტემის ევროპულ მოდელზე გადასასვლელად უნდა გაუწიოს. ევროპული გამოცდილების გაზიარება რამდენად მნიშვნელოვანია მედიკამენტების ბაზარზე ევროპული რეგულაციების დასამკვიდრებლად?
– ევროპული რეგულაციები ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილია. იმ სისტემისა, რომლის მსგავსი საქართველოში არაფერი არის. აქ რატომღაც წინა ხელისუფლების ე.წ. რეფორმატორებმა ჩათვალეს, რომ თურმე ბაზარი არეგულირებს ყველაფერს, მათ შორის ჯანდაცვის სფეროშიც. უხეშად დათვალეს რამდენს ხარჯავდა თითო ადამიანი მედიცინაზე და იფიქრეს, რომ ამ თანხით შეეძლო შეეძინა პიროვნებას კონკრეტული სამედიცინო სერვისი.
თუმცა ქართველი ადამიანის ბუნება ისეთია, თუ მის ახლობელს დასჭირდება, ყველაფერს გაყიდის ჯანმრთელობისთვის. მე არ მეგულება დღეს ისეთი რეფორმატორები, რომლებიც წინა მახინჯ რეფორმას შეცვლის. კოსმეტიკური რეფორმები არ ცვლის სისტემას. თუ სისტემა არ იცვლება იგი თავიდანვე მახინჯია და ასეთ სისტემაში რაიმე გაუმჯობესებები ეფექტიანი არ არის ხოლმე.
– ხელისუფლება მედიკამენტებზე გარკვეული შეღავათების დაწესებას გეგმავს. რეფორმის ფარგლებში უნდა გაიაფდეს პირველადი მოხმარების მედიკამენტები და ჯენერიკები? ექნება თუ არა ამ წამოწყებაში სამინისტროს საზოგადოების მხარდაჭერა?
– რატომ უნდა დაწესდეს შეღავათები, როდესაც მონოპოლიური ბაზარი ჩამოაყალიბა ხელისუფლებამ არასწორი კანონებით და ახორციელებს არასწორ რეგულაციებს. ხელისუფლებამ პირველ რიგში ბაზარი უნდა გახადოს კონკურენტული, ღია, ხელმისაწვდომი მრავალი მოთამაშისთვის და დააწესოს წესიერი რეგულაციები. ამის ნაცვლად მონოპოლისტებს ბიუჯეტიდან კიდევ თანხები უნდა გადაერიცხოთ რომ გაჭირვებულმა ადამიანებმა შეძლონ წამლების შესყიდვა. ეს იქნება სისტემის სიმახინჯის შენარჩუნების შენიღბული ფორმა.