მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფარმაცევტული ბაზარი აშკარად მონოპოლიურია
ფარმაცევტული ბაზარი აშკარად მონოპოლიურია და აქ მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს სახელმწიფო და მისი აპარატი.ფასი ძალიან მაღალია, რაც ტვირთად აწევს მოსახლეობას

ფარმაცევტული ბაზარი აშკარად მონოპოლიურია

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული პრობლემების შესახებ საუბრობს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ ლიდერი – ირაკლი ღლონტი. 

– ბატონო ირაკლი, როგორ ფიქრობთ, დგას თუ არა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების ხარისხის პრობლემა? 

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ხარისხის კუთხით ნამდვილად არსებობს პრობლემები და სახელმწიფო ჯეროვნად ვერ უზრუნველყოფს მედიკამენტების ხარისხის კონტროლს.

მიმაჩნია, რომ სააფთიაქო ბიზნესი ისეთივე კონფიგურაციის ბიზნესია, როგორიც სხვა, თუმცა მას ერთი დიდი განმასხვავებელი ხაზი აქვს – ის პირდაპირაა დაკავშირებული მოსახლეობის ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან და არ ჰგავს სხვა ბიზნესის პროდუქტს, რომელიც შეიძლება ფერის, ან გემოს მიხედვით თავად მომხმარებელმა შეაფასოს. ამიტომ, ვფიქრობ, გასამკაცრებელია როგორც რეგულაციები ხარისხთან მიმართებით, ასევე უნდა მოხდეს თითოეული მედიკამენტის სიღრმისეული ანალიზი და კონტროლი.

– მედიკამენტების ფასის ფორმირებასა და რეგულაციებში უნდა მიიღოს თუ არა სახელმწიფომ მონაწილეობა? იქნება ეს დოტაციების პრინციპით, თუ სხვა? 

კარგად ვნახეთ, რომ ბოლო ორი ხელისუფლების პირობებში ბიუჯეტმა დაკარგა თავისი ფუნქცია, რამაც საბოლოო ჯამში მწვავე კრიზისი გამოიწვია. მედიკამენტების ფასის ფორმირება არ უნდა იყოს სახელმწიფოს პოლიტიკა, ბიზნესმა თავად უნდა დაარეგულიროს ბაზარზე თავისი დომინირებისა და ფასის საკითხები. ვერ ვხედავ სახელმწიფოსგან დოტაციების საჭიროებას და სისწორეს, ეს არ იქნება გამართლებული.

– თქვენი აზრით, ფარმაცევტულ ბაზარზე დგას მონოპოლიების პრობლემა? 

დიახ, ფარმაცევტული ბაზარი აშკარად მონოპოლიურია და აქ მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს სახელმწიფო და მისი აპარატი. დაუშვებელია პირველადი მოთხოვნილების პროდუქტი, როგორიც არის იგივე ფარმაცევტული პროდუქტი, არაკონკურენტულ გარემოში იყიდებოდეს. ფასი ძალიან მაღალია, რაც თავის მხრივ მძიმე ტვირთად აწევს ისედაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის უმრავლესობას.

– მონოპოლიების აღმოფხვრის შემთხვევაში, რა თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ, რომ იგივე პრობლემა კვლავ არ დადგეს? 

– სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს აუცილებლად კომპლექსური და უნდა გამოირიცხოს კორუფციის შესაძლებლობები. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისათვის, ფარმაცევტული პროდუქტის რიგითი მომხმარებლისათვის, გაუგებარია რატომ ღირს ასე ძვირი მედიკამენტები ჩვენს ქვეყანაში, როცა მეზობელ სახელმწიფოებში იგივე დასახელების მედიკამენტების ფასი არსებითად განსხვავებულია და დაბალია.

როგორც გითხარით, აუცილებელია სახელმწიფომ აწარმოოს სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა, შექმნას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიები და მხოლოდ ერთი ბიუროკრატიული სამსახურის იმედად არ დატოვოს მედიკამენტებთან დაკავშირებული საკითხები.

info9.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …