ფარმაცევტულ კომპანიებს სახელმწიფომ მკაცრად გაწერილი რეგულაციები უნდა დაახვედროს.საქართველოში ბაზარზე არსებული მედიკამენტების მხოლოდ 10 პროცენტი მოწმდება ლაბორატორიულად, დანარჩენი კი მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას ექვემდებარება.
მედიკამენტების ხარისხის თემას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ჩიხლაძე გამოეხმაურა.
„წამლის ხარისხი ჯანდაცვის სფეროში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ის პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან.
რაც უნდა ეფექტურად და დროულად მივაწოდოთ მაღალბიუჯეტიანი სერვისი პაციენტს, თუ მედიკამენტების ხარისხი დაბალი იქნება, სხვა დანარჩენ მიმართულებებს ეფექტი არ ექნება.
საბოლოდ, არსებობს როგორც ბრენდული წამლები, ისე ჯენერიკები. ბრენდული წამლები საკმაოდ ძვირია. ჩნდება კითხვა, ვინ უნდა არეგულირებდეს მედიკამნტების ხარისხსა და ფასს? მე მიმაჩნია, რომ ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა.
თუ ფარმაცევტულ კომპანიას ქვეყანაში დაახვედრებ მკაცრად გაწერილ რეგულაციებს, ის ვალდებული იქნება დაემორჩილოს მათ,“ – მიაჩნია სერგო ჩიხლაძეს.
ამასთან მიაჩნია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვალეობა სწორედ, სტანდარტების შემუშავება და გამკაცრებული რეგულაციების დანარგვაა.
„სახელმწიფო უნდა აგებდეს პასუხს იმპორტირებული წამლების ხარისხზე. თუ სახელმწიფო არ გააკონტროლებს წამლებს, ყოველთვის გამოჩნდება კომპანია, რომელიც თავის სურვილის შესაბამისად გაყიდის მედიკამენტებს და ასევე, გამოჩნდება მყიდველი, რომელიც იძულებულია იაფი მედიკამენტი შეიძინოს.
ამიტომ სახელმწიფომ უნდა გაავლოს ზღვარი ხარისხსა და ფასზე. დაბალი ხარისხის მედიკამენტები ქვეყანაში არ უნდა შემოდიოდეს,“ – აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე.