მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფარმაცევტულ ბაზარზე ვერანაირ მონოპოლიას ვერ ვხედავ
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტს ირინა ჭელიძეს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ვესაუბრეთ.

ფარმაცევტულ ბაზარზე ვერანაირ მონოპოლიას ვერ ვხედავ

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტს ირინა ჭელიძეს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ვესაუბრეთ. ჭელიძე მიიჩნევს, რომ მონოპოლიების შესახებ ბრალდებები უფრო რეალური და გასაგები უნდა იყოს. 

„ჩვენ არა გვაქვს იმ მედიკამენტების სია, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრო ფასების დაწევას აპირებს. რამდენიმეჯერ ვთხოვეთ მათ და გვპირდებიან, რომ გადმოგვცემენ სიას. აქედან გამომდინარე, კონკრეტულად რაზეა საუბარი, ვერაფერს გეტყვით.

თუმცა, თუ ეს მოხდება სახელმწიფო დოტაციით, რაც ბევრ ქვეყანაში ხდება, ამას მხოლოდ მივესალმები. ასოციაციის წევრებიც ყველაფერს გააკეთებენ და ყველანაირად იმუშავებენ იმ მიმართულებით, რასაც სახელმწიფო გამოაცხადებს”, – აცხადებს ჭელიძე.

მისი თქმით, მონოპოლიების შესახებ ბრალდებები უნდა იყოს უფრო რეალური და გასაგები, თუ რაზეა საუბარი.

„რა მონოპოლიაზეა საუბარი,  როდესაც იმპორტი არის თავისუფალი, არსებობს პარალელური იმპორტი და ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია განახორციელოს იმპორტი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობის პარალელურად. მე ნამდვილად ვერ ვხედავ ვერანაირ მონოპოლიას.

რაც შეეხება ფასის რეგულაციას, სხვადასხვა ქვეყანაში მედიკამენტების ფასის რეგულაციის სხვადასხვა მიდგომა არსებობს, თუმცა, ძირითადად ეს არის სახელმწიფო დოტაციები.

ჩვენ გვსურს შეხვედრა „გლობალ ალიანსის” წარმომადგენლებთან, გვაინტერესებს მათი ხედვა როგორია ამ თემასთან დაკავშირებით და გვპირდებიან, რომ შეხვედრა შედგება. როცა კონკრეტულად გვეცოდინება, რას გეგმავენ ამ საკითხთან მიმართებაში, შემდეგ შეიძლება უფრო კონკრეტული კომენტარის გაკეთება. ახლა ზოგადი ინფორმაცია გვაქვს.

როდესაც ზოგადად ფარმაციაზეა საუბარი, ცუდია, რომ ჩვენ არ გვაქვს დაწვრილებითი ინფორმაცია. ასოციაციაში არ არის მხოლოდ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები, არამედ ჩვენი წევრია მცირე საბითუმო და პატარა აფთიაქებიც კი. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველას დროულად მიეწოდოს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროსგან“, – მიაჩნია ირინა ჭელიძეს.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …