მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფარმაცევტულ ბაზარზე ოლიგოპოლიაა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობისათვის მისაღებია

ფარმაცევტულ ბაზარზე ოლიგოპოლიაა

ოქტომბრის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრომ  ჯანდაცვის  პირველადი რგოლის რეფორმის გეგმა უნდა წარმოადგინოს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, რესურსების დიდი ნაწილი დაავადებების ნაადრევ გამოვლენასა და პრევენციას დაეთმობა, გაძლიერდება ოჯახის ექიმის ინსტიტუტი და შეძლებისდაგვარად გადაიხედება ამ რგოლში დასაქმებული მედიკოსების შრომის ანაზღაურების საკითხი. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე for.ge ინფექციონისტსა და გასტროენტეროლოგს, ირაკლი ხმალაძეს ესაუბრა.

ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი რგოლის რეფორმა ახალ პრიორიტეტად გამოაცხადა. რა აზრის ხართ ამ გადაწყვეტილებაზე, რამდენად შეიძლება იყოს დაგეგმილი რეფორმა რისკების შემცველი და რა ხარვეზებს ხედავთ ამჟამად ჯანდაცვის სისტემაში?

– საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ განაპირობა, რომ პაციენტებმა ძირითადად მიმართეს პოლიკლინიკებს. პირადად მე ვმუშაობ კერძო კლინიკაში, თუმცა მაინც არ ვუჩივით პაციენტების ნაკლებობას. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ  აქ მოსულთა უმეტესობასაც ძალიან უჭირს. კონსულტაციის თანხა, შესაძენი წამლები – ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია.

პაციენტების უმეტესობა უკიდურეს შემთხვევაში აკითხავს ექიმს, ჩემი დაკვირვებით. ზოგი ხუთი და ექვსი წელიწადი არ ყოფილა კონსულტაციაზე. ერთი მომენტი არის კიდევ გასათვალისწინებელი – სამწუხაროდ, ექიმების მიმართ ნდობა დაიკარგა. ამაზე არავინ მუშაობს. აბა მითხარით ბოლოს როდის ნახეთ გადაცემა ახალგაზრდა წარმატებულ ექიმებზე?!

ჯანდაცვაში არსებულ პრობლემათაგან სერიოზულია მედიკამენტებზე არსებული საშინლად მაღალი ფასები. საქართველოში დამზადებული წამლებიც კი იმდენად ძვირი ღირს, რომ მიკვირს ხოლმე. ადამიანებს ზოგჯერ პენსია არ ჰყოფნით სრული კურსის ჩასატარებლად. შეიძლება გაჭირვებულ ადამიანს კონსულტაციის ფული არ გამოართვა, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი ხომ მკურნალობაა. ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებელია .

წარმატებული რეფორმისათვის აუცილებელია თუ არა მედიკამენტებზე და სამედიცინო სერვისებზე ფასების დარეგულირება? 

– იმხელა განსხვავებაა ხოლმე ერთსა და იმავე მედიკამენტის ფასებზე ორ სხვადასხვა აფთიაქში, რომ გაოცდებით. ერთი პრეპარატი რომ რომელიღაც x ადგილას 5 ლარი ღირს, მეორეგან 7 შეიძლება ღირდეს. სწორედ ეს უნდა გაირკვეს, თუ რატომ ხდება ასე. უწინ იყო სახელმწიფო აფთიაქი და იცოდა ადამიანმა კონკრეტულ წამალზე არსებული კონკრეტული ფასი.

ახლა მედიცინა გადაიქცეულია მხოლოდ ბიზნესად. გასაგებია, რომ საბაზრო პირობებში არ ხდება ჩარევა ბიზნესში სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ რა მოხდება, ყველა ქალაქში რომ იყოს თითო დიდი სახელმწიფო აფთიაქი, სადაც ყველა წამალი გაიყიდება და იქნება ფიქსირებული, რეალური ფასები და სახელმწიფო იქნება გარანტი, რომ ფასები არ სცდება შესაძლებლობის ზღვარს. ასეთ შემთხვევაში კერძო აფთიაქები მაღალ ფასებზე ვეღარ იმუშავებენ. ასევე შეიძლება კერძო კლინიკებთან ერთად იყოს სახელმწიფო კლინიკები რეალური ფასებით.

ხელისუფლება მედიკამენტებზე გარკვეული შეღავათების დაწესებას გეგმავს. რეფორმის ფარგლებში უნდა გაიაფდეს პირველადი მოხმარების მედიკამენტები და ჯენერიკები. ექნება თუ არა ამ წამოწყებაში სამინისტროს საზოგადოების მხარდაჭერა?

– პაციენტს არ უნდა უწევდეს იმაზე ფიქრი, თუ საიდან მოიტანოს თანხა კარგი, გამოცდილი წამლის საყიდლად. გამოუვალ მდგომარეობაში ჯენერიკების მიღებაც არ არის კატასტროფა, მაგრამ რატომ უნდა იდგეს ადამიანი ასეთი არჩევანის წინაშე მაშინ, როცა აფთიაქები 200 და მეტ პროცენტიან მოგებაზე მუშაობენ.

არის პრეპარატები, რომლებსაც ისეთი დანამატები აქვს, რომ შეიძლება ალერგიულობის შემთხვევაში ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. წამალთან ხუმრობა არ შეიძლება. მეორე დანაშაული კი ის გახლავთ, რომ ხშირად აფთიაქები თვითნებურად სთავაზობენ მყიდველებს კონკრეტული წამლის შემცვლელს. ეს დანაშაული და კრიმინალია.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა ქვეყანაში მონოპოლია ან ოლიგოპოლია ფარმაცევტულ ბაზარზე, დიახ, ვამბობ რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოლიგოპოლიაა და ამის თქმის საფუძველს არსებული რეალობა იძლევა. ჯანსაღი კონკურენცია რომ იყოს, ასეთი ვითარება არ იქნებოდა. წამალი არ უნდა იყოს ვაჭრობისა და ბიზნესის საგანი. ეს არ არის სუნამო, რომლის გარეშეც ადამიანი იცოცხლებს.

for.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …