მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფარმაცევტულ ბაზარზე ხუთი მაფიოზური დაჯგუფებაა
ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობასა და ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს, კახა კუკავა საუბრობს.

ფარმაცევტულ ბაზარზე ხუთი მაფიოზური დაჯგუფებაა

მედიკამენტების ფასმა ბაზარზე საგრძნობლად მოიმატა, რასაც არაერთი ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკოსი ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლიას უკავშირებს. ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობასა და ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს, კახა კუკავა საუბრობს.

კუკავა მიიჩნევს, რომ საქართველოში მთელი რიგი ბაზრები მონოპოლიზებულია და მათ შორის ყველაზე რთული მდგომარეობა სწორედ ფარმაცევტულ ბაზარზეა.

„საქართველოში ფასები მთელ რიგ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე კატასტროფულია. მაგალითად, საწვავზე არსებული ფასი ავიღოთ ან საბანკო სესხები, თუმცა ისინი ვერც კი შეედრებიან იმ მოგებას, რომელიც არსებობს სააფთიაქო ბიზნესში.

ძალიან ბევრი ფართო მოხმარების მედიკამენტი 400–500 და ზოგჯერ 700 პროცენტიანი დანამატით იყიდება, მაგალითად აქტიკოლი, თვალის წვეთი, რომელიც ზამთრის სეზონზე ძალიან ფართო მოხმარების საგანია. რა თქმა უნდა ასეთი მოგება სხვა რომელიმე ბაზარზე არ არსებობს და ეს ძალიან პრობლემური საკითხია“, – აცხადებს კუკავა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი მონოპოლიზებულია და როგორც სხვა რამდენიმე ბიზნესში, აქაც არსებობს ხუთი კლანი, ხუთი მაფიოზური დაჯგუფება, რომელიც აკონტროლებს მთლიანად წამლის ფასებს.

„არაბრენდული აფთიაქები თბილისში ძალიან ცოტაა. ონლაინ იძებნება ყველაზე ფართო მოხმარების მედიკამენტების ფასები. სხვადასხვა ქსელში ერთსა და იმავე წამლებზე ერთნაირი ფასი აქვს ხოლმე ხუთივე მონოპოლიას. მაგალითად, თვალის წვეთები საქართველოში იყიდება 33 ლარად, როდესაც იმავე დროს მაგალითად, მოსკოვში ქსელში 5 ლარის ექვივალენტად იყიდება.

ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრს გაზაფხულზე მივმართეთ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ოპოზიციასთან კონტაქტს თავს არიდებს და კომუნიკაცია ვეღარ შედგა. როდესაც ამ საკითხით დავინტერესდით, ასეთი პასუხი იყო, რომ პრეპარატებს ჰყავს ექსკლუზიური მომწოდებლები, რომლებიც ფასებს თავად ადგენენ. ანუ, აღიარებენ, რომ ქვეყანაში არსებობენ ექსკლუზიური დისტრიბუტორები, რაც ბაზარზე ყოველგვარ კონკურენციას და სამართლიან ფასწარმოქმნას გამორიცხავს“, – მიაჩნია კუკავას.

„რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ რეფორმებს, ვფიქრობ, ძალიან დაგვიანებულია. სერგეენკოს კომენტარი ვნახე თვენახევრის წინ, როდესაც აცხადებდა, რომ სექტემბრიდან დაიკლებდა ფასები წამლებზე ძალიან შესამჩნევად, ასევე საუბრობდა განახევრებაზეც. ნახევარი სექტემბერი გავიდა და ჯერჯერობით კლების არანაირი ტენდენცია საააფთიაქო ბაზარზე არ ჩანს.

მინისტრის განცხადების მიხედვით სააფთიაქო ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლა იგეგმებოდა, თუმცა სამი წელია ამაზე მიდის საუბარი, რეალურად ახალი მოთამაშე არ ჩანს“, – აცხადებს კუკავა, თუმცა იქვე დასძენს, რომ მიუხედავად მთელი რიგი ხელშემშლელი გარემოებებისა, ჯანდაცვის სამინიტრო სოციალურად ორიენტირებულია და ის, არსებული ბიუჯეტიდან გამომდინარე, მაქსიმუმს აკეთებს.

„უნდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმებისთვის გამოყოფილი თანხები კეთილსინდისიერად დახარჯა, მაგრამ დავით სერგეენკო მედიკამენტებს ვერაფერს უზამს. ეს სცილდება მისი სამინისტროს კომპეტენციას. ეს შესაძლოა უკვე იყოს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ბიზნესი და მინისტრს უბრალოდ ძალა არ ეყოფა, რომ ამ მონოპოლიებს შეებრძოლოს.

მაგალითად, მახსენდება მაჟორიტარი ოქრიაშვილი. სამი მთავრობის ცვლილება მოხდა და სამივე ჯერზე სამივეს წევრია…

ზოგადად ჯანდაცვის სისტემის ბოლოდროინდელ მუშაობას თუ შევაფასებთ, ის სოციალურად ორიენტირებულია. პრაქტიკულად, ეს არის ერთადერთი რეფორმა, რომელიც შეიძლება ამ ხელისუფლების პირობებში წარმატებულად ჩაითვალოს. აქ გასათვალისწინებელია ერთი რამ – ჯანდაცვა ვერ იქნება მოწყვეტილი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კლიმატს.

მე ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში სერგეენკო აკეთებს მაქსიმუმს. ამაზე მეტი საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს და პოლიტიკურ სისტემას არ შეუძლია. იმისთვის, რომ მოსახლეობა მსყიდველუნარიანი გახდეს და ჯანდაცვის დაწესებულებებს პრევენციისთვის ხშირად მიმართავდეს, ამას სერგეენკო ვერ მოაგვარებს. ეს უნდა მოაგვაროს ეკონომიკურმა გუნდმა. ეს საკითხი დასაქმებაზეა მიბმული. ვერც ერთი სადაზღვევო სისტემა ვერ გაუძლებს იმ სისტემას, სადაც მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი არის უმუშევარი“, – აცხადებს კახა კუკავა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …