მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია ქაოსურია
მისი თქმით, მედიკამენტების ბაზარზე არსებული მდგომარეობა მხოლოდ დოლარის კურსზე არ არის დამოკიდებული, პრობლემის გადაჭრას სჭირდება სისტემური მიდგომა.

ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია ქაოსურია

საქართველოს პარლამენტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი შოთა მალაშხია ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ სიტუაციას ეხმაურება.

მისი თქმით, მედიკამენტების ბაზარზე არსებული მდგომარეობა მხოლოდ დოლარის კურსზე არ არის დამოკიდებული.

„მიზეზი არის ის, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადია. ეს ნიშნავს, რომ შემომტანი სტრუქტურა უფრო მეტ მოგებას ითვლის, ვიდრე საჭიროა, რადგან არ იცის, რომ შემოიტანს, რა სიტუაცია დახვდება ბაზარზე. ამიტომ არის სრული ქაოსი. გარდა ამისა, როდესაც სახელმწიფო გადავიდა საყოველთაო ჯანდაცვაზე, ამან განაპირობა ის, რომ ბიუჯეტიდან ფული გაედინება.

ორიენტირება ჯერ არ კეთდება პროფილაქტიკაზე და პრევენციაზე. ფული იხარჯება და მედიკამენტების გამოწერა ხდება გაუაზრებლად. ამიტომ წამლებზე გადავიდა დიდი დატვირთვა.

რომ ვნახოთ სტატისტიკა, როდესაც კერძო დაზღვევები მუშაობდნენ, ექიმთან ვიზიტი უფრო პროფილაქტიკური მიზნით ხდებოდა. ანუ, სისტემა არ მუშაობს და ამიტომ, დოტაციაზე გადაიყვან, თუ რაიმე სხვა პროცესით შეცვლი, ამას ვერ უშველი, რადგან ამ პრობლემის გადაჭრას სჭირდება სისტემური მიდგომა“, – აცხადებს მალაშხია.

მისი აზრით, როდესაც სადაზღვევო სტრუქტურა და კერძო კომპანია, რომელსაც მედიკამენტები შემოაქვს, სხვადასხვა კომპანია არ არის და ყველაფერი ხდება სახელმწიფოსთან მიმართებაში, სწორედ აქ ჩნდება კორუფციული სქემები. ეს სქემები კი კიდევ უფრო ზრდის წამალზე ფასს.

„ცხადია,სხვადასხვა სტრუქტურა უნდა კურირებდეს სხვადასხვა მიმართულებას. უნდა მოხდეს არსებული ვითარების დაყოფა. დღეს ერთსა იმავე სუბიექტს აქვს მედიკამენტების შემოტანის და რეალიზაციის უფლება, ფლობენ კლინიკებს და სადაზღვევო კომპანიებს.

ანუ ფარმაცია სხვა უნდა იყოს, კლინიკა – სხვა, სადაზღვევო ხაზი – კიდევ სხვა. როდესაც ეს ასე მოხდება და მათ შორის კონკურენცია იარსებებს, ეს განაპირობებს ნორმალურ, სტაბილურ ფასებს“, – მიაჩნია მალაშხიას.

მალაშხია თვლის, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური პასიურობს არა მხოლოდ ფარმაცევტული ბაზრის მიმართულებით, არამედ ზოგადადაც.

„თუ ამ სტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობასაც კი ვერ აბრუნებენ ისინი ბიუჯეტში, მაშინ მის არსებობას აზრი არ აქვს. მაგალითად, სამსახურის ხელფასებზე თუ იხარჯება ვთქვათ ხუთი მილიონი ლარი, ხოლო ისინი ანტიმონოპოლიური მუშაობით მხოლოდ მილიონიან შედეგს აჩვენებენ, ამას აჯობებდა ის ოთხი მილიონი ჩაგვედო ბიუჯეტში რომელიმე სფეროს დასახმარებლად“, -განაცხადა შოთა მალაშხიამ.

news.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …