ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გუგული მაღრაძე აფასებს. მისი თქმით, მედიკამენტებზე ფასების ზრდა ერთ–ერთი სერიოზული პრობლემაა, რაც ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების ეფექტიანობასაც უშლის ხელს.
„ვფიქრობ, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასების ფორმირებაში, მაგრამ თუ რომელიმე პრეპარატი სასიცოცხლოდ აუცილებელია და ღირს ძალიან ძვირი და სოციალურად დაუცველ მოქალაქეს მისი შეძენა არ შეუძლია, ამ შემთხვევაში შესაძლებელია სახელმწიფო მოქალაქეს დაეხმაროს.
ერთადერთი ჩარევა არის ის, რომ ანტიმონოპოლიურმა კანონმა კარგად უნდა იმუშაოს, რომ არ იყოს გარიგებები ფასებთან დაკავშირებით“, – აცხადებს მაღრაძე.
მისი აზრით, ბაზარზე არსებული ვითარება უნდა გამოიკვლიოს ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა და დადოს დასკვნა. „თუ არის მონოპოლიები, შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს, ხოლო თუ არ არის და არსებული ვითარება მხოლოდ საბაზრო კონიუნქტურის ბრალია, მაშინ ვერაფერს ვიზამთ.
დავეხმარებით მათ, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ვისაც უჭირს. რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, რამდენადაც ვიცი, ჯანდაცვის სამინისტრო აპირებდა შემოწმებას რეგულარულად და ამას ახორციელებს კიდეც.
ვთვლი, რომ იმაზე დიდი დანაშაული არ არსებობს, როდესაც მედიკამენტი არ ასრულებს ფუნქციას, რისთვისაც მას პაციენტი მოიხმარს“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.