მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებასა და ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლასთან დაკავშირებით, რუსთავის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა პაპუნა ბახტაძემ ისაუბრა.
– როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელი და დროულია ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით?
– ეს ნაბიჯი აქამდეც უნდა გადადგმულიყო და რაც მალე გამკაცრდება მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, მით უკეთესია. რა სახის მედიკამენტები შემოდის ბაზარზე, რომელი ქვეყნიდან, რას აწარმოებენ ადგილობრივად, რა ნედლეულით თუ ნახევარფაბრიკატებით არავინ იცის. როდესაც მედიკამენტის მოქმედება სასურველ შედეგს არ იძლევა, ეს ბრალდებათ ექიმებს.
რა მკურნალობაცაა გაწერილი პროტოკოლებით, შესაძლებელია, იქ მითითებული მედიკამენტებით ვერ მიიღო შედეგი. აქ ჯენერიკებზეა აქცენტი გაკეთებული, თუმცა იგივე შედეგს ვერ ვიღებთ. ეს არის სწორედ პრობლემა, ამიტომ ხარისხის კონტროლი აქამდეც უნდა გამკაცრებულიყო.
– თქვენ ახსენეთ მწარმოებელი ქვეყანაც. ჩვენთან გარკვეული სტერეოტიპია ჩამოყალიბებული ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში, მათ შორის ინდოეთში, წარმოებული მედიკამენტების მიმართ. არის მიდგომა, რომ ამ ქვეყნებში დამზადებული მედიკამენტები უხარისხოა და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს?
– არა, ეს ნამდვილად არ არის ასე. მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა იყოს ლაბორატორიული დასკვნა, რომ ამ ქვეყნებში წარმოებული პრეპარატები ნამდვილად ხარისხიანი და კარგია. ინდოეთი თითქმის ორმილიარდიანი ქვეყანაა, უზარმაზარი რესურსით, იაფი მუშახელით და პრეპარატების წარმოება იაფი, სწორედ, ამიტომ უჯდებათ. მაგრამ ჩვენთან შემოტანილ პრეპარატებს სჭირდებათ ლაბორატორიული ექსპერტიზა და დასვკნა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნიდან მოხდება იმპორტირება.
– ანუ, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაზრდა, ინდური წარმოების მედიკამენტის მიმართ სანდოობის გაზრდასაც შეუწყობს ხელს?
– დიახ, რა თქმა უნდა. სწორედ ამას ვგულისხმობდი.
– ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა, რომ ბაზარზე შემოდის ახალი ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“, რომელიც სწორედ ინდოეთიდან შემოიტანს ჯენერიკ მედიკამენტებს. როგორ შეაფასევდით ახალი კომპანიის გამოჩენას ბაზარზე?
– რატომაც არა? კონკურენცია გაიზრდება და მედიკამენტებზე ფასები დაიწევს. თუმცა, მედიკამენტების ხარისხი უნდა გაკონტროლდეს აუცილებლად. თუ პირველადი წყაროსგან შემოვა, არანაირი პრობლემა არ არსებობს.
– ანუ, ხარისხის კონტროლის გამკაცრება მეტნაკლებად მოაგვარებს იმ პრობლემებს, რაზეც ისაუბრეთ…
– ნებისმიერი მედიკამენტის ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს და დადგინდეს შესაბამისობა იმ ანოტაციასთან, რაც ამ მედიკამენტს გააჩნია. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს!