წამლის ხარისხის ლაბორატორიის გახსნის შედეგად კონტროლს უფრო მეტი მედიკამენტი დაექვემდებარება, ვიდრე აქამდე, რადგან დღემდე ნიმუშების შემოწმება უცხოეთში ხდებოდა.
ამის შესახებ jandacva.ge-ს საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ განუცხადა.
„ახლა ადგილზე მოხდება შემოწმება, მეწარმესაც ეს უფრო იაფი დაუჯდება. წამლის ლაბორატორია დიდი ხნის წინ უნდა გახსნილიყო და წარმოუდგენელიც კია, რომ ქვეყანას ასეთი ლაბორატორია დღემდე არ ჰქონია. ვერ ვიტყოდი, რომ აქამდე უხარისხო პროდუქცია იყო ბაზარზე და არ მოწმდებოდა – ხარისხის კონტროლი მანამდეც იყო, მაგრამ ახლა ეს იქნება დამატებითი მექანიზმი წამლის ხარისხის შესამოწმებლად. ყველა სერიის შემოწმება შეუძლებელია, თუმცა კონტროლი უფრო მასშტაბური გახდება,“ – განაცხადა ლევან გოგიბერიძემ. მისი თქმით, „ჯიემპი“ სტანდარტის ამოქმედება და წამლის ხარისხის ლაბორატორიის გახსნა არის ის წინგადადგმული ნაბიჯები, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ბაზარზე უხარისხო მედიკამენტების მოხვედრის რისკს.
შეგახსენებთ, რომ წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ეროვნული ლაბორატორია რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა. ასეთი ლაბორატორიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრები წლებია, მიმდინარეობს. პროექტში სახელმწიფომ 11 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო.