მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფარმაცევტთა ასოციაცია თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების დეფიციტს აანონსებს

ფარმაცევტთა ასოციაცია თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების დეფიციტს აანონსებს

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მოსახლეობას თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების მოსალოდნელ დეფიციტზე აფრთხილებს.

ამ საფრთხის მიზეზი, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადების თანახმად, არის ის, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, შეიქმნა მოწოდების შეზღუდვა თურქი მომწოდებლების მხრიდან. ასოციაციის განცხადებით, ეს გარემოება გარკვეული პერიოდის შემდგომ ადგილობრივ ბაზარზე აისახება.

„გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედებისთანავე, ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა გამოიყენეს შესაძლებლობა და მყისიერად ჩაერთვნენ თურქეთის ბაზრიდან მედიკამენტების იმპორტის პროცესში. ასევე, ასოციაციის სახელით მასმედიაში არაერთი ინფორმაცია იქნა მიწოდებული მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ქსელებმა დაიწყეს აღნიშნული ბაზრიდან იმპორტის განხორციელება და ქვეყნის მასშტაბით მედიკამენტების სააფთიაქო ქსელებში რეალიზაცია. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის თაობაზე წინადადება ჩვენი სექტორის წარმომადგენლებისგან გაჟღერდა, რაც გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვიყოთ ობიექტურები და არ გვსურს მოსახლეობისთვის მიწოდებული ინფორმაცია გახდეს სხვადასხვა ინსტიტუტებისთვის ინტერპრეტაციის საშუალება.

მსგავსი რეჟიმით ახალი ბაზრების გახსნას, დიდ მოლოდინებთან ერთად, ასევე ახლავს თანმდევი გამოწვევები, რაც გამოიხატება უწყვეტი მიწოდების პირობებისა და ჯაჭვის გამართვაში. ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ შეიქმნა გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, მოწოდების შეზღუდვა თურქი მომწოდებლების მხრიდან, რაც გარკვეული პერიოდის შემდგომ აისახება ადგილობრივ ბაზარზე. მოსახლეობას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდოს ამ ფაქტს, ვინაიდან ეს გარემოება არ არის დამოკიდებული ადგილობრივ კომპანიებზე. სწორედ ამიტომ ინფორმაციას ვაჟღერებთ ჩვენ, პირველი წყარო, უშუალოდ ის მხარე, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესს. აქვე, კიდევ ერთხელ, მივმართავთ შესაბამის მარეგულირებელს, ინსტიტუტებს, რომ მოსახლეობისთვის მიწოდებული ეს ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული მათი მხრიდან სექტორის უმიზეზო ბრალდებისთვის, როგორიცაა საბოტაჟი თუ ხელოვნური დეფიციტის შექმნა, რასაც სამწუხაროდ მრავალჯერ ჰქონდა ადგილი,“ – ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …