მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ევროპაში რეფერენტული ფასების გამოყენება სულ უფრო ფართოვდება 

ევროპაში რეფერენტული ფასების გამოყენება სულ უფრო ფართოვდება 

როგორია მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნებში? ამის შესახებაა მომზადებული სტატია „მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნა მოლდოვეთში: გამოცდილება, გამოწვევები,“ რომლის ავტორიც დიანა ნემსაძეა. სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში “ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია” გამოქვეყნდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რეფერენტული ფასების პრაქტიკის დანერგვა მედიკამენტების  ფასების  რეგულირების  ერთ-ერთი  გავრცელებული  მექანიზმია და რეფერენტული ფასი წარმოადგენს ანაზღაურების მაქსიმალურ  შესაძლო  დონეს.

„ისტორიულად,  ქვეყნები,  სადაც მედიკამენტების  ღირებულება  შედარებით  მაღალი  იყო,  პირველები  მივიდნენ  იდეამდე რეფერენტული ფასების გამოყენების შესახებ. სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობამ გახადა შესაძლებელი  რეფერენტული  ფასების  იდეის  წარმატებით  გამოყენება.  შემდგომში,  ბევრმა ქვეყანამ  შემოიღო  ეს  მექანიზმი  (მაგ.  ესპანეთი,  ცენტრალური  და  აღმოსავლეთ  ევროპის ზოგიერთი ქვეყანა). ევროკავშირის  იმ  წევრ  ქვეყნებში,  სადაც სოციალური  დაზღვევის  ფონდები  არიან ყველაზე  მსხვილი  გადამხდელები  მედიკამენტების  შესყიდვაში,  რეფერენტული  ფასები მნიშვნელოვან  გავლენას  ახდენენ  ფარმაცევტული  კომპანიების  მარკეტინგულ  პოლიტიკაზე. გერმანია, რომელმაც  დასავლეთ ევროპაში პირველმა შემოიღო რეფერენტული ფასების სისტემა, იყენებს  ამ  მეთოდს  როგორც  ორიგინალური,  ასევე  ჯენერიკული  მედიკამენტების  მიმართ. მედიკამენტის  გამოშვებიდან  პირველი  წლის  განმავლობაში,  ლიცენზიის  მფლობელს შეუძლია მისი გაყიდვა ნებისმიერ ფასად. ამის შემდეგ, გერმანიის მარეგულირებელი ორგანოები აფასებენ პრეპარატის დამატებით სარგებელს სხვა სამკურნალო საშუალებებთან შედარებით. მედიკამენტები,  რომლებიც  არ  იძლევა  დამატებით  სარგებელს,  ენიჭება  ფიქსირებული რეფერირებული ფასი. თუ მედიკამენტის ღირებულება აღემატება რეფერენტულ ფასს, პაციენტი იხდის სხვაობას. თუ მედიკამენტის გამოყენება დამატებით სარგებელს იძლევა, გერმანიის ჯანმრთელობის დაზღვევის  ფონდი  აწარმოებს  მოლაპარაკებებს  ამ მედიკამენტის  მარკეტინგული  ლიცენზიის  მფლობელთან,  რათა  დადგინდეს  ანაზღაურების დონე ფარმაკოეკონომიკური მაჩვენებლების საფუძველზე. ბელგიაში რეფერენტული ფასების სისტემა მოქმედებს 2001 წლიდან. ფასი განისაზღვრება მსგავსი აქტიური ნივთიერების მქონე წამლებისთვის. ჯენერიკების ფასი სისტემის განვითარების ადრეულ ეტაპებზე 16%-ით ნაკლები იყო,  ვიდრე  მისი  ორიგინალი  პრეპარატების.  დროთა  განმავლობაში,  2010  წლისათვის,  ეს მაჩვენებელი გაიზარდა 30%-მდე,“- ნათქვამია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ დანიაში  რეფერენტული  ფასი  გამოითვლება  მედიკამენტების  ჯგუფში  ყველაზე  იაფი ჯენერიკი მედიკამენტის ღირებულების მიხედვით. ფარმაცევტულ კომპანიებს უფლება აქვთ შეცვალონ ფასები ყოველ 2 კვირაში, შემოიტანონ ახალი მედიკამენტები და ასევე შეწყვიტონ წამლების გაყიდვა. ამრიგად, თვეში ორჯერ შესაძლებელია მედიკამენტების ფასის გადახედვ
საფრანგეთში მედიკამენტზე ფასი გამოითვლება ჯენერიკული მედიკამენტების ჯგუფის საშუალო  ღირებულების  საფუძველზე.
რეფერენტული ფასწარმოქმნის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია გარე რეფერირება, რომლის დროსაც საბაზისო ფასის დადგენა ხორციელდება სხვა ქვეყნებში წამლების ფასების შედარების გზით.
აღნიშნულ მეთოდს – საერთაშორისო რეფერენტული ფასწარმოქმნას ევროკავშირის  27  წევრი  ქვეყნიდან  22  იყენებს.
რაც შეეხება მოლდოვას, სტატიის თანახმად, ამ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასების რეფორმის პროცესი 2010 წელს სარეგისტრაციო ფასის შემოღებით დაიწყო. ფასების დასარეგულირებლად შემოღებულ იქნა გარე რეფერენტული ფასების მეთოდი. მედიკამენტების ფასები ყოველწლიურად გროვდებოდა ვებსაიტებიდან, რომლებიც აქვეყნებენ საბითუმო ფასებს. თუ ვალუტის გაცვლითი კურსი მერყეობდა 5% ან მეტით, რეგისტრაციის ფასი შეიძლება შეცვლილიყო. ფარმაცევტულ კომპანიებს არ შეეძლოთ რეგისტრაციის ფასზე ზედმეტ ფასად მედიკამენტის გაყიდვა. ქვეყანაში მოქმედებდა 870-ზე მეტი სათემო აფთიაქი და შვილობილი კომპანია, საიდანაც 350 იყო ქსელური აფთიაქი, ხოლო 520 – დამოუკიდებელი აფთიაქი.

ავტორი ასკვნის, რომ რეფერენტული ფასების სისტემის შექმნის მთავარი მიზანია მედიკამენტების ღირებულების შემცირება.
„მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში რეფერენტული ფასების პრინციპები დებატების საგანია, მისი გამოყენება სულ უფრო ფართოვდება. დებატები ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ბაზრის სეგმენტების განსაზღვრა, რომლებზეც უნდა იყოს გამოყენებული რეფერენტული სისტემა, ანაზღაურების დონის გამოთვლა, ასევე, რეფერენტული სისტემის გავლენა ფარმაცევტული კომპანიების ფასწარმოქმნაზე და მარკეტინგულ პოლიტიკაზე. მოლდოვას რესპუბლიკის გამოცდილებიდან გამომდინარე, მსგავსი გამოწვევების წინაშე მდგარ ქვეყნებში მიზანშეწონილია ზემოთაღნიშნული პრობლემების ღრმა ანალიზი,“ – აღნიშნულია სტატიაში.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …