ევროპაში ან სხვა ქვეყანაში ნაყიდი მედიკამენტები უფრო ეფექტურია. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მახარაძე მედიკამენტების ფასების ზრდის პრობლემას გამოეხმაურა.
„თავად ვარ მედიკამენტების მომხმარებელი და კარგად ვგრძნობ განსხვავებას. წამალი, რომელიც ორი წლის წინ სამოცდაორი ლარი ღირდა, დღეს სამოცხათხუთმეტი ლარი ღირს. ამიტომ ბუნებრივია, მედიკამენტების ფასების მატება მძიმედ აწვება მოსახლეობას.
თუმცა, თუ ლარი უფასურდება, ფასებს ვერაფერი უშველის, რადგან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენა, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ დოლარით ხდება. აუცილებელია პრეპარატების ფასების დარეგულირება, თუმცა სანამ ლარის კურსი არ დასტაბილურდება, ეს სამწუხაროდ, შეუძლებელი იქნება“, – აცხადებს მახარაძე.
მისი თქმით, დოტაციები, ერთის მხრივ კარგი სოციალური საშუალებაა, თუმცა, მეორე მხრივ, როგორც ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, ეს ყველაფერი ბიუჯეტის ხარჯზე მოხდება, ამიტომ, საბოლოო ჯამში, ეს სიტუაციას არ გამოასწორებს. თუმცა, იმის გარანტია, რომ ლარის კურსის დაწევასთან ერთად ფასების მოიკლებს, არ არსებობს.
ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ნავთობზე ფასები კატასტროფულად დაეცა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს შესაბამისად ჩვენს ბაზარზეც აისახა. სხვაგან როგორაა არ ვიცი, თუმცა ჩვენთან ფასების მომატება იციან, დაკლება კი აღარ უნდათ ხოლმე“, – მიაჩნია დეპუტატს.
მახარაძე ამბობს, რომ მედიკამენტების ხარისხის, ამ საკითხში ექსპერტად არ გამოდგება, თუმცა სჯერა იმ ხალხის, ვინც ამბობს, რომ ბაზარზე დაბალი ხარისხის წამლებია და რომ ევროპაში, ან სხვა ქვეყანაში ნაყიდი მედიკამენტები უფრო ეფექტურია.
„სასურველია, უფრო სწორად აუცილებელია, გადავიდეთ ევროპულ მოდელზე და პრეპარატების ხარისხზე კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდეს. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს უფრო ჯერჯერობით მხოლოდ ოცნებაა, ალბათ, ამის დროც დადგება“, – განაცხადა მიხეილ მახარაძემ.