მთავარი » კვირის ინტერვიუ » ევექსი პირველადი ჯანდაცვის რგოლს აძლიერებს
ევექსი ჯანდაცვის პირველად რგოლში დასაქმებული ექიმების გადამზადებისა და ამბულატორიული ქსელის გაფართოების სტრატეგიას ისახავს.

ევექსი პირველადი ჯანდაცვის რგოლს აძლიერებს

სამედიცინო კორპორაცია ევექსი 16 აპრილს საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობდა, რომელიც ოჯახის ექიმთა ევროპული აკადემიის (EURACT) ეგიდით ჩატარდა და მასში მონაწილეობა ქართველ ექიმებთან ერთად დიდი ბრიტანეთისა და სლოვენიის პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებმა მიიღეს.

მნიშვნელოვანია, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება ჯანდაცვის სამინისტრომ უწყების მთავარ გამოწვევად დაასახელა და ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში გარკვეულ ცვლილებებსაც გეგმავს. ევექსი პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების მიზნით ქსელში დასაქმებული ოჯახის ექიმების გადამზადებას გეგმავს, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

პირველადი ჯანდაცვის რგოლში არსებულ ხარვეზებზე, ამ რგოლის გამართულად მუშაობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე Jandacva.ge სამედიცინო კორპორაცია ევექსის გენერალური დირექტორის მოადგილეს, გრიგოლ ხურციძეს ესაუბრა.

– ბ–ნო გრიგოლ, რატომ არის ჯანდაცვის სექტორისთვის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ პირველადი ჯანდაცვის რგოლი მუშაობდეს სრულყოფილად? 

მსოფლიოს როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში წინა ხაზზე არის პირველადი ჯანდაცვის კომპონენტი. გამართული პირველადი ჯანდაცვის ქონა კარგია როგორც პაციენტისთვის, ისე ქვეყნისთვის.

უმჯობესია ადამიანის ჯანმრთელობას მუდმივად აკონტროლებდე და გყავდეს ჯანსაღი მოსახლეობა, სამწუხაროდ ხშირია როდესაც პაციენტები ექიმს დაგვიანებით მიმართავენ ან დაავადებების გართულებულ ფაზაში პირდაპირ ჰოსპიტალებში ხვდებიან, ეს ზრდის როგორც მკურნალობის პერიოდს, ისე ხარჯებს.საქართველოში პირველადი ჯანდაცვის კომპონენტი და დაავადებების სკრინინგის კულტურა ახლა იკიდებს ფეხს.

თუ მოწინავე ქვეყნების სტატისტიკას მოვიშველიებთ, პირველად ჯანდაცვის რგოლში საერთო სამედიცინო კონტიგენტის ოთხი მეხუთედია დასაქმებული.  ჩვენს შემთხვევაში კი ეს მონაცემი დაახლოებით 10 პროცენტია.  ხშირად მიწევს სამუშაო ვიზიტით ამერიკაში ყოფნა. იქ მოსახლეობის უმეტესობა 85–90 წლამდე ცოცხლობს. მართალია ცხოვრების დონე ზოგადად მაღალია, მაგრამ ამის გამომწვევი მთავარი მიზეზი გახლავთ სწორედ გამართული ჯანდაცვის სისტემა, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვა.

მოსახლეობა სისტემატურად იტარებს გეგმიურ გამოკვლევებს პრევენციის მიზნით და ჯანმრთელობის მდგომარეობაც საკმაოდ გაუმჯობესებული აქვთ.

– რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართელოში? რა ხარვეზებს ხედავთ პირველად ჯანდაცვაში? 

ამ მხრივ ძალიან დაბალ დონეზე ვართ. ერთ–ერთ პრობლემას პირველად რგოლში წარმოადგენს ის, რომ სათანადო გამოცდილება ექიმებს არ გააჩნიათ. ამასთანავე გაიზარდა ოჯახის ექიმებთან მიმართვიანობა, რადგან მოსახლეობის ცნობიერება თანდათან ამაღლდა და მეტად დაიწყეს ზრუნვა ჯანმრთელობაზე.

სწორედ ამიტომ დასახა ევექსმა ჯანდაცვის პირველად რგოლში დასაქმებული ექიმების გადამზადებისა და ამბულატორიული ქსელის გაფართოების სტრატეგია. ჩვენ სულ მალე  გავხსნით ახალ ამბულატორიულ ცენტრს მთაწმინდაზე, ისანში, თბილისის თითქმის ყველა უბანში ვიქნებით წარმოდგენილი.

მაგალითად, საბურთალოზე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობაში 2016 წლის ივლისიდან თბილისის მასშტაბით ყველაზე დიდი ამბულატორიული ცენტრი იფუნქციონირებს, ცოტა უფრო მოგვიანებით მას ჰოსპიტალური სეგმენტიც დაემატება.  შესაბამისად კორპორაციას სჭირდება კვალიფიციური პირველადი ჯანდაცის რგოლის ექიმები და ჩვენ მათ პროფესიულ განვითარებაში საკმაოდ დიდ ინვესტიციას ვახორციელებთ.

– როდის დაიწყება ოჯახის ექიმების გადამზადების პროცესი? მხოლოდ ევექსის ქსელში დასაქმებულ ოჯახის ექმებს გადაამზადებთ? 

მოგეხსენებათ, პირველადი ჯანდაცვა არ არის მხოლოდ მსუბუქი თერაპიაის მედიცინის თითქმის ყველა მიმართულებას  მოიცავს. მაგალითად, გინეკოლოგიას, ფსიქიატრიას  და ა.შ.  გადამზადების ეს პროგრამა ძალიან საფუძვლიანადაა შედგენილი, თუმცა არ არის ხანგრძლივი, რაც დასაქმებული ექიმისთვის კომფორტულია.

ეს პროცესი უკვე წარმატებით მიმდინარეობს ქუთაისში,  ჩვენს ტრენინგ–ცენტრში.

ამ ეტაპზე  მხოლოდ ევექსის ქსელის თანამშრომლებს მოვიცავთ, თუმცა მომავალში, არ გამოვრიცხავთ, დაინტერესების შემთხვევაში   სხვა კლინიკების სამედიცინო პერსონალსაც   გარკვეული სასწავლო პროგრამები შეთავაზოთ.

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …