მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » „ეს რაღაცის პრევენციის მცდელობაა“ – მინისტრი ფარმაცევტული სექტორის პრეტენზიებს პასუხობს

„ეს რაღაცის პრევენციის მცდელობაა“ – მინისტრი ფარმაცევტული სექტორის პრეტენზიებს პასუხობს

ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას პასუხობს და აცხადებს, რომ ქართულ ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების დეფიციტის მოლოდინის საფუძველი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ასოციაციის განცხადებაში ორ საკითხზეა საუბარი: მასში აღნიშნულია, რომ „გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, შეიქმნა მოწოდების შეზღუდვა თურქი მომწოდებლების მხრიდან, რაც გარკვეული პერიოდის შემდგომ აისახება ადგილობრივ ბაზარზე.“ განცხადების მეორე ნაწილი კი ეხება კომპანიებისთვის დაწესებულ ვალდებულებას, სპეციალურ ბაზას მიუერთდნენ და ინფორმაცია მედიკამენტების ფასებისა და მარაგების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს გაუზიარონ.

თუმცა ასოციაცია აცხადებს, რომ მარეგულირებლის მხრიდან არაა უზრუნველყოფილი სათანადო ტექნიკური ბაზა და ხდება მეწარმეებისთვის გამაფრთხილებელი ოქმების გამოწერა, რაც საჯარიმო სანქციების წინაპირობაა. ასოციაციის განცხადებით, მარეგულირებელი უკვე იღებს დამსჯელობითი ორგანოს ფორმას, რაც მოსახლეობასაც დააზარალებს და სექტორში დასაქმებულ ადამიანებსაც.

ამ განცხადების საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ „განცხადების პირველი ნაწილი, სამწუხაროდ, მეორე ნაწილიდან გამომდინარეობს და რაღაცის პრევენციის მცდელობაა.“

ზურაბ აზარაშვილის თქმით, ბაზები ჯერ კიდევ იანვრიდანაა გამართული და მას უკვე მიუერთდა ერთერთი დიდი ქსელი.

„სულ საქართველოში 4-5 ქსელური აფთიაქი გვაქვს და ერთერთი მრავალრიცხოვანი აფთიაქების ქსელი 98%-ით სრულადაა ჩართული აღნიშნული ბაზებით ინფორმაციის გაცვლაში. შეუძლებელია ერთი ქსელი სრულად იყოს ჩართული და მეორე, მესამე და მეოთხე ქსელები ასე პრინციპულად, 2 და 3 აფთიაქით იყვნენ წარმოდგენილები და ინფორმაციას მხოლოდ რამდენიმე აფთიაქზე გვიცვლიდნენ,“ – განაცხადა მინისტრმა.

ასოციაციის განცხადების იმ ნაწილთან დაკავშირებით კი, სადაც სადამსჯელო ზომებზეა საუბარი, ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ მისი უწყება პოლიტიკური შეხედულების თუ სხვა ფაქტორების მიუხედავად ცდილობს, ნებისმიერი კომპანიის გვერდით დადგეს და შეიქმნას სწორი სისტემა, რომელიც აღრიცხავს ფარმაცევტულ ბიზნესს და მას გამჭვირვალეს გახდის, რათა მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი მედიკამენტები, არ ხდებოდეს ფასების დარღვევა და ხელოვნური დეფიციტის შექმნა.

რაც შეეხება თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების მოსალოდნელ დეფიციტს, აზარაშვილი ამბობს, რომ ვერც თურქეთში და ვერც სხვა კომპანიებთან, რომლებსაც თურქეთიდან მედიკამენტები შემოაქვთ, მსგავსი შეზღუდვა არ დაფიქსირებულა.

„არა მხოლოდ თურქეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან – საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან – რომელიღაც კონკრეტული მედიკამენტი რომელიღაც დღეებში შეიძლება არ იყოს, მაგრამ ეს არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არაა. იმპორტსაც ვაკონტროლებთ და მარტში არის ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იმპორტი თურქეთიდან. ეს ნიშნავს, რომ მედიკამენტები აქტიურად შემოდიოდა იანვარშიც, თებერვალშიც და გასული წლის განმავლობაშიც, ხოლო მარტში უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა. ასევე წარმატებით გრძელდება აპრილში. ასევე მომწოდებლებთანაც გვქონდა კონტაქტი კოლეგებთან საელჩოს მეშვეობით და არანაირი მსგავსი საფუძველი არ არსებობს.  სამწუხაროდ, ეს არის მხოლოდ განცხადება და არანაირი მასალა არ მოყვება. თუ სადმე რამე შეიზღუდა,  იქნებოდა ან ლინკი ან თანდართული ბრძანება. ასე ხომ არაა, ვიღაცამ თქვა და შეიზღუდა?“ – განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში 3 ათასზე მეტი აფთიაქია და ყველა მათგანში შეუძლებელია ყველა მედიკამენტი ყველა ფორითა და დოზით იყოს.

 

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …