მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » „ეს იყო კოვიდამდეც, არის კოვიდის დროსაც და იქნება კოვიდის შემდეგაც“ – თენგიზ ცერცვაძე შიდა ჰოსპიტალურ ინფექციებზე

„ეს იყო კოვიდამდეც, არის კოვიდის დროსაც და იქნება კოვიდის შემდეგაც“ – თენგიზ ცერცვაძე შიდა ჰოსპიტალურ ინფექციებზე

ეკატერინე  ტიკარაძის მიერ ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემაზე გაკეთებულ განცხადებას ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ეხმიანება და განმარტებებს აკეთებს.

შეგახსენებთ: სამინისტროს შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ზოგ შემთვევაში პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა covid-ით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს ისეთი კლინიკებიც, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია.

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მინისტრის განცხადება ობიექტურ მონაცემებს ეფუძნება და სჯობს ეს საკითხი ვიწრო პროფესიულ წრეში განხილულიყო, თუმცა, მისივე შეფასებით, ამ თემაზე არც ფართო აუდიტორიასთან მსჯელობაა პრობლემა, რადგან  ამაში არაფერია განსაკუთრებული, რაც სხვა ქვეყანაში არ ხდება.

„ძირითადი გაუგებრობა, მოსახლეობის მხრიდან შეშფოთება და კითხვების დასმა გამოიწვია არა მინისტრის განცხადებამ, რომლის მთელი მოხსენებაც ძალიან კარგად იყო აგებული, არამედ მისი განცხადების არასწორმა ინტერპრეტაციამ – რომ  აი თურმე კოვიდით არ კვდებიან ადამიანები, კოვიდს მართავენ ექიმები, მაგრამ კოვიდით შესული პაციენტები  შიდა ჰოსპიტალური ინფექციებით იღუპებიან – ესე იგი კლინიკების ნაწილი ამ მიმართულებით ცუდად მუშაობს. აი აქ მინდა განმარტება გავაკეთო სრული პასუხისმგებლობით: ვთხოვ მოსახლეობას, არ აყვეს ამ ინსინუაციებს და პოლიტიკურად ანგაჟირებული და ჩასაფრებული ადამიანების ინტერპრეტაციებს და შეხედონ პრობლემას ობიექტურად. ავიღოთ ზოგადი მაჩვენებლები: საშუალოდ, საქართველოს ჰოსპიტლებში სიკვდილობა არის 5,6, მაქსიმუმ 7%. მინისტრმა თქვა, რომ ზოგ კლინიკაში არის 2-3% და ზოგან 2-ზე ნაკლები, რაც დაბალი მაჩვენებელია, ზოგან კი არის 10-12-15%, რაც მაღალი მაჩვენებელია. მაგრამ საშუალოდ სიკვდილობა კლინიკებში 5-6%-ია, რაც უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის და ამერიკის უმეტეს წამყვან ქვეყნებში. მეორე: კლინიკებში ავადმყოფის მკურნალობის ხარისხის ერთადერთი ობიექტური მაჩვენებელი – მათ შორის ინფექციის  კონტროლის თვალსაზრისითაც –  არის ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის გარდაცვალების პროცენტი. თუ ყველა დაინფიცირებულს შორის რამდენი პროცენტი გარდაიცვალა და რამდენის გადარჩენა მოხერხდა. ამ მაჩვენებლით კი საქართველოს აქვს უფრო დაბალი სიკვდილობა, ვიდრე აშშ-ს, ევროპის 20-ზე მეტ ქვეყანას და მსოფლიოს 108 სახელმწიფოს. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობის ქვეყანამ არცთუ ძლიერი ჯანდაცვით?“ – აცხადებს ცერცვაძე.

რაც შეეხება მინისტრის განცხადებას ინფექციების კონტროლის პრობლემის შესახებ, რის გამოც კოვიდპაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილი კვდება შიდა ჰოსპიტალური ინფექციების გამო, ეს მონაცემები, ცერცვაძის განმარტებით, თავისთავად სწორია, თუმცა, ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის თქმით,  პრობლემა ახლა არ გაჩენილა და ეს მთელ მსოფლიოშია.

„განვითარებული ქვეყნების ვერცერთი რეანიმაცია ამ პრობლემას თავიდან ვერ ირიდებს. ეს იყო კოვიდამდეც, არის კოვიდის დროსაც და იქნება კოვიდის შემდეგაც. ძალიან ძნელია  შიდა ჰოპსპიტალური ინფექციების კონტროლი, განსაკუთრებით რეანიმაციების განყოფილებებში და განსაკუთრებით ხშირი ინტუბაციის პირობებში, რაც არის რეალობა კოვიდის ეპოქაში. ეს შედარებით უკეთაა მოგვარებული იმ ქვეყნებში, რომლებიც ეკონონიკურად უფრო ძლიერები არიან და უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვთ, ხოლო რაც უფრო შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობებისაა ქვეყანა, ამ პრობლემასთან ბრძოლა მით უფრო ძნელია. საქართველო ნამდვილად არაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებზე უარეს მდგომარეობაში, უბრალოდ ჩვენთვის მიუღებელია ნოზოკომიური ინფექციების მიზეზით გარდაცვალების ის რაოდენობა, რაც გვაქვს.  მთელი ძალისხმევა უნდა იქნეს მიმართული, რათა გაუმჯობესდეს ინფექციების კონტროლი ქვეყანაში და შემცირდეს შიდა ჰოსპიტალური ინფექციების რაოდენობა ზოგჯერ სასიკვდილო გამოსავლებით,“ – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …