მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » „ეს დიდი ამბავია!“- ბიძინა კულუმბეგოვი თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზე ფასების შემცირებას აფასებს

„ეს დიდი ამბავია!“- ბიძინა კულუმბეგოვი თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზე ფასების შემცირებას აფასებს

„ეს დიდი ამბავია!“- ასე ეხმაურება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქართულ ბაზარზე თურქეთიდან მედიკამენტების შემცირებულ ფასად შემოტანას.

„ჩვენი პაციენტების საყურადღებოდ და არა მარტო.

ეს დიდი ამბავია! თურქეთიდან პრეპარატების იმპორტის დაშვებამ გამოიწვია ისეთი მნიშვნელოვანი ასთმის/ფქოდის სამკურნალო პრეპარატების ფასის ოთხჯერ შემცირება, როგორიცაა სიმბიკორტი/სერეტიდი.

პ.ს. გილოცავთ ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას!“- წერს კულუმბეგოვი ფეისბუქში.

მანამდე, 25 თებერვალს PSP-მ განაცხადა, რომ მათ სააფთიაქო ქსელში თურქეთში წარმოებულ გერმანულ მედიკამენტქსარელტოს 15მგ“ მომხმარებელი თურქეთის აფთიაქებში არსებულ ფასად – 55 ლარად შეიძენს. აქამდე გერმანული წარმოების ქსარელტო 15 მგ საქართველოს აფთიაქებში ფასდაკლების დღეებში 139 ლარი ღირდა.

„ეს პირველი პრეცედენტია საქართველოში თურქული აფთიაქების ფასად მედიკამენტების იმპორტის ახალი რეგულაციის მიხედვით, რაც მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

უახლოეს პერიოდში კიდევ 5 ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი ასევე თურქეთის აფთიაქების ფასად იქნება ხელმისაწვდომი PSP-ს სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით. რეგისტრაციის რეჟიმშია ათამდე მედიკამენტი. ასევე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან ყველა მოთხოვნადი მედიკამენტის ხელმისაწვდომ ფასად შემოტანის მიზნით.“ – განაცხადა კომპანიამ.

თურქეთიდან მედიკამენტების შემცირებულ ფასად შემოტანის შესახებ განაცხადა „ფარმადეპომაც“.

კომპანიის ინფორმაციით, მათი ქსელის აფთიაქებში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები უკვე ხელმისაწვდომია.

„საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა.

საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ ფარმადეპოში შესაძლებლობა აქვთ თურქეთის ბაზრისთვის გათვლილი მედიკამენტები შეიძინონ განსაკუთრებულ ფასად, რაც მათ კიდევ უფრო დიდი დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს.

ჩვენ მყისიერად დავიწყეთ მოლაპარაკება თურქეთის მხარესთან და გვეამაყება, რომ ვართ პირველები ბაზარზე, ვინც მომხმარებელს ამ შესაძლებლობას სთავაზობს,“- განაცხადა კომპანიამ.

შეგახსენებთ: 17 იანვრიდან საქართველოსთვის თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. ცვლილების შედეგად ის ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზეა აკრედიტებული, მათ შორის როგორც თურქული, ისე არათურქული წარმოების, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …