ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საუბრობს ასოციაცია ,,დეას“ პრეზიდენტი მადონა ხარებავა.
ხარებავა აცხადებს, რომ მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი არ გახლავთ, რომ როდესაც სახელწიფოში რაიმე მასშტაბური რეფორმა ტარდება, მას წინ არ უძღვის შესაბამისი კვლევები და სტატისტიკა საჭიროებების შესახებ. „ვფიქრობ, ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის სახით სასარგებლო პროგრამა წამოიწყო, თუმცა მთელი რიგი საჭიროებები ჯერ კიდევ ყურადღების მიღმა რჩება.
შემდეგ ყოველთვის გვიხდება უკან დაბრუნება კარგი რეფორმის დროსაც კი. რასაკვირველია თითოეულ მოქალაქესთან ვერ მივლენ და ჰკითხავენ, თუ რა სურვილები აქვს, თუმცა რეფორმას უნდა უსწრებდეს წინ სიტუაციის ანალიზი. ამ მიმართულებით, ვფიქრობ, დიდი ხარვეზი გვაქვს.
მაგალითად, ვიცით კი რამდენად არის პროგრამა მორგებული ბიუჯეტზე? გაუძლებს ქვეყანის ბიუჯეტი ამხელა დატვირთვას? კარგი იქნება, თუკი სამომავლო რეფორმები უფრო მიზნობრივი იქნება და არა ყოვლისმომცველი. პირობითად რომ ვთქვათ, მე და მილიარდელ მოქალაქეს ერთნაირ სერვისებზე არ უნდა მიგვიწვდებოდეს ხელი, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა“, – აღნიშნავს ხარებავა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემაა მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასები. „ბევრი პაციენტი ამბობს, რომ იყო ექიმთან, ჩაუტარდა გამოკვლევები, მაგრამ ვერ ყიდულობს ძვირადღირებულ წამლებს. გამოდის, რომ აზრი არ აქვს კონსულტაციასა და დიაგნოზს, რომელიც ექიმმა დაუსვა.
ვფიქრობ, მედიკამენტებზე ფასებს სახელმწიფო ვერ დაარეგულირებს, ამას მოთხოვნა არეგულირებს. როცა დოტაცია და სუბსიდირება ხდება, არსებობს ორი მხარე. მოქალაქე და პაციენტი, რომელიც მეტნაკლებად ხდება დამოკიდებული სხვაზე.
მარტო სახელმწიფოს იმედზე ყოფნა იძლევა შედეგს, რომ მოქალაქე ნაკლებად ზრუნავს თვითგანვითარებასა და მიღწევებზე, რომ თავად უზრუნველყოს საკუთარი საჭიროებებისა და სურვილების დაკმაყოფილება. სახელმწიფომ ჩემი, როგორც მოქალაქის უფლებებზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ხოლო რაც შეეხება ჩემს სურვილებს, ამაზე არა“, – მიაჩნია მადონა ხარებავას.
იგი ასევე მიიჩნევს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიის ნიშებია და უნდა ქვეყანაშიარსებობდეს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის მაღალი ხარისხი. „საქარვთელოში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა მიანიშნებს გარკვეულ მონოპოლიებზე. როცა ვხედავ, რომ ერთი აფთიაქიდან მეორეში ვინაცვლებ და კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასების ცვლილება არ შეინიშნება, რას უნდა ნიშნავდეს ეს თუ არა გარკვეულ შეთანხმებას ორ ან რამდენიმე სხვადასხვა კონპანიას შორის?
ეს არ არის ჯანსაღი კონკურენცია, ეს უფრო შეიძლება იყოს, როგორც მონოპოლია, ისე ე.წ. მოლაპარაკებები ჯგუფებს შორის, ანუ კარტელური გარიგებები, რომლებიც არ და ვერ აძლევენ ერთმანეთს საშუალებას უფრო დაბალ ფასად შემოიტანონ პროდუქცია.
საქართველოში უნდა არსებობდეს წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც აღიარებული სტანდარტების მიხედვით შეამოწმებს მედიკამენტებს. არის ადგილობრივი პრეპარატები, რომლებიც უფრო ძვირია, ვიდრე იგივე ტიპის იმპორტირებული წამლები. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, აქ წარმოებული წამალი უფრო ძვირი და ხარისხიანი უნდა იყოს თუ მაგალითად, გერმანიაში წამოებული?! ვფიქრობ, რომ სწორედ ამაზე უნდა იზრუნოს ჯანდაცვის სამინისტრომ“– აღნიშნა მადონა ხარებავამ.