ჯანდაცვის სამინისტრო იმ მედიკამენტების ნაწილის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებზეც, უწყების განცხადებით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა ფასები მკვეთრად გაზარდეს, რაც, სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, შეთანხმებული გადაწყვეტილებაა.
საუბარია აფთიაქებზე: „ავერსი,“ „პსპ ფარმა,“ „მერმისი,“ „ფარმადეპო“, „ჯიპისი“.
ცხრილის თანახმად, ერთერთი მედიკამენტი „აფინიტორი“ „პეესპემ“ ერთთვიან ინტერვალში 294%-ით, 753 ლარიდან 2970 ლარამდე გააძვირა.
შეგახსენებთ, რომ წამლების მორიგ გაძვირებაზე ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება დღეს გაავრცელა. ამჯერად საუბარია ძვირადღირებულ პრეპარატებზე, რომლებიც ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება.
მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განმარტებით, მსგავსი შემთხვევები თებერვალშიც დაფიქსირდა, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა რეაგირება. მისივე თქმით, ფასების ასეთ ზრდას არანაირი შინაარსობრივი მიზეზი არ აქვს.