მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ექთნები პედიატრიის, ანესთეზიის, ფსიქიატრიის და სხვა სპეციალობებად დაიყოფიან

ექთნები პედიატრიის, ანესთეზიის, ფსიქიატრიის და სხვა სპეციალობებად დაიყოფიან

2025 წლიდან საექთნო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეგისტრაციის, ლიცენზიის ან სერტიფიკატის ფლობის შემთხვევაში. ამის შესახებ ნათქვამია საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიაში, რომელიც 2019 წელს დამტკიცდა და 2025 წლამდე პერიოდს მოიცავს და რომლის ფარგლებში უკვე ინიცირებულია კანონი საექთნო საქმიანობის შესახებ.

ექთანთა გაერთიანების” პრეზიდენტი ია გელენიძე იმედს გამოთქვამს, რომ კანონის დამტკიცებას პარლამენტი მიმდინარე წელს, მარტ-აპრილში შეძლებს.

გელენიძეს მოჰყავს სტატისტიკა, რომლის თანახმად, ქვეყანას ჰყავს 22 ათასი ექიმი, რაც არის იმ რაოდენობის მესამედი. რაც ქვეყანას სჭირდება.

მისივე თქმით, საექთნო პროფესია ამ დრომდე საკანონმდებლო დონეზე არ რეგულირდება.

რაც შეეხება მიზნებს, რომელთა მიღწევაც სტრატეგიის მიხედვითაა განსაზღვრული: უნდა შეიქმნას საექთნო სპეციალობების ნუსხა. საწყის ეტაპზე, საექთნო სპეციალობების ნუსხა შეიძლება ასე გამოიყურებოდეს: ანესთეზიის ექთანი, პედიატრიის/ნეონატოლოგიის ექთანი, საოპერაციოს ექთანი, ზოგადი პრაქტიკის (ოჯახის) ექთანი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექთანი, ფსიქიატრიის ექთანი, ექთანი-მენეჯერი.

„2025 წლისათვის ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში დასაქმებული ექთნების რაოდენობა, გადანაწილება და მათი მაღალი კვალიფიკაცია უზრუნველყოფს უსაფრთხო და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის საშუალებით საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას; ამავდროულად, საექთნო საქმე სინქრონიზებულია/თანხვედრაშია თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებთან  და დამოუკიდებელი პროფესიაა,“- აღნიშნულია სტრატეგიაში.

დოკუმენტის თანახმად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით (413.6) ბოლოსწინა ადგილს იკავებს.

იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა დანიაში იგივე მაჩვენებელი არის 4.6, გერმანიაში 3.3, უკრაინაში – 2.2, ამასთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობაა 4:1.

საექთნო განათლება საქართველოში მიმდინარეობს უმაღლესი აკადემიური და პროფესიული განათლების ფორმატით. საექთნო/საბებიო საქმის საბაკალავრო პროგრამები ხორციელდება 2011 წლიდან, თუმცა, ამ პროგრამებზე ქართველი ახალგაზრდების მხრიდან მოთხოვნა დაბალია.

ექსპერტული ანალიზისა და ევროპის ქვეყნების საშუალო რაოდენობასთან შედარების საფუძველზე შემოთავაზებულია, რომ ექთნების სამიზნე თანაფარდობა მოსახლეობასთან იყოს  610 / 100 000 ანუ 27 000  ექთანი.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …