სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ექიმების მხრიდან ზედმეტი მედიკამეტების გამოწერის პრობლემაზე საუბრობს და ფარმაცევტულ კომპანიებს ეთიკური მარკეტინგული პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს.
მათი ინფორმაციით, ფარმაცევტული კომპანიების კარნახითა და მოტივირებით ხშირ შემთხვევაში ექიმები პაციენტს იმაზე მეტ და ძვირ წამლებს უწერენ, ვიდრე საჭიროა, მათ შორის საუბარია ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებზეც.
აღნიშნულ საკითხზე სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ კვლევაც ჩაატარა და რეკომენდაციებიც დადო. როგორც გაერთიანების თავმჯდომარე, არჩილ მორჩილაძე “ბიზნესკონტრაქტთან” აცხადებს, კონტროლის ერთადერთი მექანიზმი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება და წამლის გამოწერის მკაფიო სტანდარტის განსაზღვრაა, რის შემდეგაც ექიმები მედიკამენტების დანიშვნაში საკუთარ ინტერესს ვეღარ ჩადებენ.
“მაქსიმალურად ფარმაცევტულმა კომპანიებმა უნდა შეიმუშაონ ისეთი მარკეტინგული პოლიტიკა, რომელიც არ იქნება არაეთიკური. შესაბამისად, ექიმებს არ უბიძგებს ზედმეტი მედიკამენტების გამოწერისგან. რაც შეეხება ბიოლოგიურად აქტიურ დანამატეს, ეს უნდა გაიმიჯნოს მედიკამანტებისგან და რეკომენდაციებში შევიტანეთ კიდეც მუხლი, რომ ექიმმა ბიოლოგიურად აქტიური დანამატი სამედიცინო დოკუმენტაციიდან უნდა გამიჯნოს”, – აცხადებს მორჩილაძე.