ნევროლოგი და ოჯახის ექიმი ნატო შენგელია ამბობს, რომ ის ენდობა და პრაქტიკაშიც ხშირად იყენებს ჯენერიკებს, ამასთან სხვადასხვა პრეპარატის დანიშვნის დროს თავად წყვეტს ჯენერიკული მედიკამენტი გამოწეროს, თუ ბრენდული მედიკამენტი.
“როდესაც დარწმუნებული ვარ, რომ ჯენერიკი კარგი ხარისხისაა, შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის გათანაბრებული მაქვს ბრენდულ პრეპარატთან. დღეს სრულიად დასაშვებია ჯენერიკების გამოყენება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტს უჭირს ბრედნული მედიკამენტის შეძენა. პირადად, ჩვეულებრივ ვწერ ჯენერიკებს დანიშნულებაში, თუმცა არსებობს ზოგიერთი ისეთი ჯენერიკი, რომლის ხარისხშიც დარწმუნებული არ ვარ და ასეთ დროს უპირატესობას ბრენდს ვანიჭებ.
ჯენერიკების ხარისხში დაწმუნება კი ხდება პრაქტიკიდან გამომდინარე. როდესაც ესა თუ ის დასახელება უმრავლეს შემთხვევაში, დადებით შედეგს მაძლევს დაავადების მკურნალობისას, ეს მიდგომა ბუნებრიავია”, – განმარტავს ოჯახის ექიმი.
მისივე თქმით, ჯენერიკების ხარისხს არ განსაზღვრავს მწარმოებელი ქვეყანა და მიაჩნია, რომ ინდური წარმოების იმედიკამენტების მიმართ, სკეპტიკური განწყობაა და ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს:
“ინდოეთში ძალიან ბევრ ფრანგულ და ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანიებსაც აქვთ ქარხნები. არ აქვს მნიშვნელობა სად არის წარმოებული წამალი – ინდოეთში, ეგვიპტეში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მთავარია მწარმოებელი კომპანია იყოს კეთილსინდისიერი და სანდო”.
რამდენად ეფექტურია ჯენერიკ მედიკამენტი და რომელ ქვეყნებში იწარმოება ხარისხიანი მედიკამენტები ამ საკითხზე “პირველი ნაბიჯი საქართელოს” პედიატრს ირმა გოცირიძეს საკუთარი შეხედულება აქვს:
“როგორც პედიატრს მიმაჩნია, რომ პაციენტის მშობელს სასურველია ექიმმა აუხსნას, რომ კონკრეტული სიმპტომების სამკურნალოდ არსებობს როგორც ბრენდული, ისე ჯენერიკ მედიკამენტი, განუმარტოს წამლების დადებითი მხარეები, ასევე, აცნობოს მათ ღირებულებებს შორის სხვაობა და ამის შემდეგ ერთად შეჯერდნენ, თუ რომელ წამალს დანიშნავს საბოლოოდ ექიმი”.
პედიატრს ასევე, მიაჩნია, რომ პაციენტსაც უნდა მიეცეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მკურნალი თუ ოჯახის ექიმისგან სათანადო ინფორმაციას მიიღებს.
“პირადად ჯენერიკების საწინააღმდეგო ზოგადად არაფერი მაქვს. არც მწარმოებელი ქვყნებს ვანიჭებ განსაკუთრებულ უპირატესობას. არსებობს მაღალი ეფექტის მქონე ინდური მედიკამენტები. პირადად გამოვცადე ინდოეთში ყოფნისას ადგილობრივი მედიკამენტები, საკმაოდ ეფექტურად იმოქმედა. მაგალითად, ინდური წარმოების ომეპრაზოლის რიგის პრეპარატები იმდენად ხარისხიანი აღმოჩნდა, რომ ჩემს მეგობრებს ვაბარებ, როდესაც ინდოეთში უხდებათ სტუმრობა”, – აღნიშნა ირმა გოცაძემ.
„თუ ჯენერიკი კარგი ხარისხისაა, ის ბრენდისგან არ განსხვავდება“ – მიაჩნია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრს მირიან წიკლაურს და განმარტავს, რომ ჯენერიკი სამკურნალო პრეპარატია, იგივე ფორმულით, შემადგენლობითა და ჩვენებებით:
„მხოლოდ არა იმ ფირმის მიერ გამოშვებული, რომელმაც მედიკამენტი თავდაპირველად დაარეგისტრირა და დააპატენტა.
მაგალითისთვის, პრეპარატი ასპირინი. თავის დროზე, აღნიშნული მედიკამენტი კომპანია „ბაიერმა“ დააპატენტა და ფარმაცევტულ ბაზარზეც პირველად მან შემოიტანა. თუმცა, დღეს მას უშვებს კომპანია „უპსა“, რომელიც არა ნაკლები ხარისხისაა. მსგავსი მაგალითების მოყვანა შეიძლება სხვა,მრავალი დასახელების მედიკამენტზეც. ანუ ჯენერიკი არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად არის ცუდი. თუ ჯენერიკი კარგი ხარისხისაა, ის ჩვენებითა და მკურნალობის ეფექტის გათვალისწინებით, არ განსხვავდება ბრენდისაგან.ზოგიერთ შემხვევაში სჯობს ჯენერიკი ბრენდს.“
ჯენერიკების დიდ ნაწილს ინდოეთსა და სხვა ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში აწარმოებენ. მასში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
„ინდოეთშიც ბევრი წარმატებული და სანდო ფარმაცევტული კომპანიაა,თუმცა არიან ნაკლებად სანდო და წარმატებული კომპანიებიც, როგორც სხვა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაში. სწორედ, ასეთი განწყობა იყო საქართველოში თავის დროზე თურქულ მედიკამენტებზეც. მათ არ ენდობოდენ, თუმცა ვიმყოფებოდი რამდენიმე ფირმის ქარხანაში, რომლებიც ძალიან მაღალტექნოლოგიურ დონეზე იყვნენ აღჭურვილნი. არასამართლიანად მიმაჩნია, როდესაც ჯენერიკ მედიკამენტებს უხარისხო წამლებთან აიგივებენ“, – ამბობს მირიან წიკლაური.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი პრობლემების დარეგულირების მიზნით, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება და ბაზარზე მათი წილის გაზრდა დაასახელა.
ექსპერტთა ერთი ნაწილი იწონებს ინიციატივას და აღნიშნავს, რომ პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის აუცილებელია, საზოგადოების ინფორმირება ჯენერიკების თაობაზე. ზოგიერთი კი, განმარტავს, რომ სანდოობის მიზნით, აუცილებელია სამინისტრომ მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზეც იზრუნოს.