„მოვუწოდებ ორივე მხარეს, როგორც ადმინისტრაციას, ასევე გაფიცულთა მხარეს დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და მოგვცენ ჩვენზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების საშუალება.“
ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია სს „მინასა“ (ქსანი) და შპს „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფში“ (ტყიბული) მიმდინარე შრომით დავებსა და გაფიცვებს.
მისი განმარტებით, სამინისტროს წარმომადგენლები, სწორედ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრის დავალებით მივლინებულ იყვნენ აღნიშნულ კომპანიებში. გაიმართა მოლაპარაკებები მხარეებთან და გააცნეს მათ გაფიცვისა და შრომითი მედიაციის სამართლებლივი საკითხები. სს „მინას“ დასაქმებულებთან და ადმინისტრაციასთან გაიმართა მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის მიზნით.
ადმინისტრაციამ თანხმობა გამოთქვა სამივე მოთხოვნილ საკითხზე შემდგარიყო შეხვედრა, უპირობო თანხმობა იყო ფართის გამოყოფის საკითხზე, თანხმობა კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების პირობების გაცნობასა და შეთანხმებაზე. თუმცა მოლაპარაკება ორივე მხარის ჩართულობით ვერ შედგა.
რაც შეეხება ტყიბულის ქარხანაში მიმდინარე დავას, სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ გაფიცულთა კომიტეტის წარმომადგენლების, რომლებიც ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ჯერჯერობით შეხვედრა ვერ შედგა. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის გამართვამდე გარკვეული დრო მოითხოვეს.
კოლექტიური შრომითი დავების არსებობის დროს სახელმწიფოს როლი, პირველ რიგში, არის მხარეების მოთხოვნის საფუძველზე შრომითი მედიატორის დანიშვნა დავის მოგვარების მიზნით. გარდა ამისა, როდესაც სახეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრი უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მოთხოვნის გარეშე დანიშნოს მედიატორი.
ბოლო ორი წლის განმავლობაში წარმოებული მედიაციის პროცესის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ შეთანხმების მიღწევა მედიატორის შუამავლობით შესაძლებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ არსებული შეთანხმებების შესრულება ყოველთვის არ ხდება. ასეთ დროს, დასაქმებულებს წარმოეშობათ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, რაც ასევე, საქართველოს შრომის კოდექსით გარანტირებული უფლებაა.