ქვეყანაში დღეს საწოლფონდის სიჭარბეა, რაც აქამდე მოქმედი, ძველი მეთოდოლოგიის შედეგია. ამის შესახებ ჯეო ჰოსპიტალსის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 10 წლის წინ დარგი გადაერთო საყოველთაო ჯანდაცვაზე და მაშინდელ რეალობაში ეს სისტემა არსებულ გამოწვევებს პასუხობდა. თუმცა მას შემდეგ, ქიტოშვილის შეფასებით, დარგი იყო გაყინული და იდგა უძრაობის პერიოდი, როცა გრძელდებოდა ტარიფების ძველი მეთოდოლოგიით დაანგარიშება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის თანხების ამ მეთოდოლოგიით ანაზღაურება.
„აქედან გამომდინარე დარგი განვითარების შესაძლებლობას ვეღარ ნახულობდა. მეორეს მხრივ, არსებობდა დაურეგულირებელი სიტუაცია ახალი სტაციონარების გახსნის კუთხით: როცა შემოდიოდა ახალი მიმწოდებელი, ფასების ატვირთვა ხდებოდა იმ მომენტში განახლებული პირობებით, თუმცა არ ხდებოდა სერვისში უკვე ჩართული ძველი ერთეულების ფასის გადახედვა. ეს იყო არაჯანსაღი კონკურენცია, რომელიც ბაზარზე არასამართლიან მონაწილეობას იწვევდა,“ – განმარტავს ზურაბ ქიტოშვილი და აცხადებს, რომ გაცილებით სამართლიანია დიარჯი პრინციპი, რომელიც ნოემბერში ამოქმედდა.
მისი განმარტებით, ერთერთი საკვანძო მომენტი, რაც ინვესტორებისთვის და დარგისთვის შესაძლოა საინტერესო იყოს და მათ შორის ხარისხზე გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენა მოახდინოს, არის ის, რომ სულ მცირე ყოველწლიურად – ხოლო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ან გაუარესების შემთხვევაში უფრო ხშირადაც, მოხდება ტარიფების გადახედვა.
„ის საბაზისო ტარიფი, რომელიც რაღაც კომპონენტებით ითვლება მთელი რიგი ფინანსური მონაცემების საფუძველზე, გულისხმობს იმას, რომ ის ეტაპობრივად გადაიხედოს. თუ გადახედვის შესაძლებლობა იქნება შენარჩუნებული, ეს ფეხს აუწყობს და ადაპტირებული იქნება სამომავლო გამოწვევებთან. ინვესტორებისთვის, თუ ეს იქნება მაქსიმალურად მოქნილი და ადაპტირებული რეალურ ბიზნეს-გარემოსთან, იქნება საშუალება, რომ გრძელ ვადაში დარგი საინვესტიციო კუთხით საინტერესო გახდეს. თუმცა დღეს არსებული რეალობა ისაა, რომ ქვეყანაში საწოლფონდის სიჭარბეა. ეს ალბათ გამოწვეულია იმით, რომ გვქონდა ძველი მეთოდოლოგია, რომელიც ბოლომდე ჯანსაღ კონკურენციას ვერ პასუხობდა,“ – განაცხადა ჯეო ჰოსპიტალსის გენერალურმა დირექტორმა.